"ბაია ფუდი" პირველი ექსპორტისთვის მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან აწარმოებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზვიად გრძელიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანიის პროდუქცია შესაძლოა ისრაელში და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიყიდოს.

მისივე ინფორმაციით, საექსპორტო მიმართულების განვითარებას ხელი შეუწყო კომპანიის მიერ ISO სერტიფიკატის მიღებამ.

"ზოგადად, დიდი ხანი გვინდა ექსპორტზე გასვლა, თუმცა არ გვქონდა შესაბამისი სერტიფიკატი. დაახლოებით 2 თვეა, რაც ISO სერტიფიკატი ავიღეთ და აქტიურად დავიწყეთ მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. მათ შორის, არის ისრაელი და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა. პროდუქციის მიმართ გამოხატულია ინტერესი, მოსწონს. ადგილზეც იყვნენ ჩამოსულები და ვნახოთ. ყველა ქვეყანას თავისი წესები და პირობები აქვს. შესაბამისად, არის ბარიერები რომელიც გადასალახია და ვცდილობთ, გადავლახოთ და პირველი ექსპორტი განვახორციელოთ", - აცხადებს ზვიად გრძელიძე.

კომპანია ამ ეტაპზე, პროდუქციის სრულად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. როგორც ზვიად გრძელიძე აღნიშნავს, "ბაია ფუდის" გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია, თუმცა კომპანია განვითარებას განაგრძობს.

ცნობისთვის, "ბაია ფუდი" მომხმარებელს ადგილობრივი მარცვლეულისა და ხილისგან დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის, ფაფებს. კომპანია წარმოებაში არ იყენებს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს და კონსერვანტებს. ზვიად გრძელიძის განმარტებით,  წარმოებაში  გამოიყენება ქართული შვრია, ქერი, ხორბალი, სიმინდი.

შეგახსენებთ, რომ "ბაია ფუდი’’ ბაზარზე 2012 წლიდანაა წარმოდგენილი. ზესტაფონში მდებარე საწარმოს შექმნა და აღჭურვა, საერთო ჯამში დაახლოებით 200 000 ლარი დაჯდა, 2022 წელს კომპანიამ კი GITA-ს 30 000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა, რომლითაც ხილის ხემსებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინეს.

bp.ge