თბილისის ერთ-ერთ ტურისტულ უბანში, მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება. შპს „ეი-პი-ეს“-მა, მერიის არქიტექტურის სამსახურთან 5-სართულიანი შენობის ესკიზი გასულ წელს შეათანხმა.

ტერიტორია, რომელზედაც სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება, 2 114 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

„პროექტი მიზნად ისახავს მრავალფუნქციური შენობის დაგეგმარებას. საპროექტო მიწის ნაკვეთი (-) მდებარეობს ავლაბრის მიმდებარედ, რომელიც განთავსებულია 3 მიწის ნაკვეთისგან შემდგარ კვრატალში. კვარტალს სამხრეთის და აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება ძირითადი ქუჩები. ხოლო ჩრდილოეთის და დასავლეთის მხრიდან შიგა საუბნო გზები. რაც შეეხება საპროექტო მიწის ნაკვეთს, სამხრეთის მხრიდან ესაზღვრება საცხოვრებელი მრავალსართულიანი შენობა და დასავლეთის მხრიდან ავლაბრის მეტროსადგური.

საპროექტო შენობა შედგება 2 მიწისქვეშა და 3 მიწისზედა სართულისგან. -2 სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი 93 ავტომანქანაზე, მათ შორის ოთხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის.

-1 სართულზე განთავსებულია საცალო და საბითუმო ვაჭრობის მაღაზიები. შენობის მიწისპირა და პირველი სართული დაეთმობა სავაჭრო ხოლო მეორე სართული საოფისე სივრცეებს“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ავლაბრის მოედანზე სავაჭრო ცენტრის აშენებას მიწის მფლობელი 2013 წლიდან ცდილობს, რამდენჯერმე შეიცვალა შენობის ესკიზი და დიზაინი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწა შპს „ეი-პი-ეს-ს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი დავით საგანელიძეა, ხოლო 50-50%-იანი წილის მფლობელები G & G Invest და „საბა პლიუსია“.