გერმანულ სოფელ ელიზაბეტთალში (ასურეთი) ლუდის ბარი „სადგური“ გიორგი ბარათაშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტის თანამონაწილეობით ერთი წლის წინ დააფუძნა. გერმანელი კოლონისტების მიერ XIX საუკუნეში გაშენებულ სოფელში დღემდეა შემონახული გერმანული და გოტიკური ესთეტიკა და მხარეს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „სადგურის“ დამფუძნებელი გიორგი ბარათაშვილი აცხადებს, სამომავლოდ „სადგურის“ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას და საკუთარი ლუდის დამზადებას გეგმავენ.
„კომერსანტი“გიორგი ბარათაშვილს „სადგურის“ ისტორიასა და გეგმებზე ესაუბრა.
როდის გაჩნდა „სადგურის“ შექმნის იდეა და რატომ ასურეთი?
გიორგი ბარათაშვილი, „სადგურის“ დამფუძნებელი: იდეა ადრე გაგვიჩნდა, დაახლოებით 2014 წელს, როცა ასურეთში პირველად მოვხვდი. განსხვავებული სოფელია, განსაკუთრებული ყურადღება გერმანულმა არქიტექტურამ მიიქცია. ისტორიით რომ დავინტერესდი აღმოჩნდა, რომ 100 წელზე მეტხანს ამ სოფელში გერმანელები ცხოვრობდნენ და წალკოტი შექმნეს. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, სამწუხაროდ, ისინი გადაასახლეს და რაჭველები ჩამოასახლეს. გერმანელების მემკვიდრეობა - კულტურა, არქიტექტურა დღემდე ძალიან კარგადაა შემონახული. აქ დაახლოებით 60-70-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, აქედან 7 კილომეტრში არის მარანი, რომელიც ინვესტიციას საჭიროებს და მისი აღდგენა დამატებით ღირებულებას შესძენს ასურეთს. აქვეა აბანო, კლუბი და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები. ჩვენ ერთი ასეთი შენობა შევიძინეთ. ეს იყოს სამანქანო-სატრაქტორო სადგური, სადაც გასული საუკუნის 30-იან წლებში პირველი თაობის ტრაქტორები და მანქანები იყო განთავსებული.
ვფიქრობდით, რომ კარგი იქნებოდა აქაურობისთვის კომერციული დანიშნულების მიგვეცა და გადავწყვიტეთ ისეთივე ლუდის ბარი გაგვეკეთებინა, როგორიც პატარა გერმანულ სოფლებშია, სადაც ადამიანები შეძლებდნენ მოსვლას, ლუდის დალევას და ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას. ამის შემდეგ, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის დაფინანსება მივიღეთ 160 000 ლარი, შემდეგ ჩვენი ინვესტიცია დავამატეთ და „სადგური“ გავხსენით. ახლა უკვე ეს ლუდის ბარი აღარ არის, აქ ფუნქციონირებს დარბაზი, სადაც შესაძლებელია კორპორაციული ღონისძიებების, ივენთების, ქორწილების მოწყობა. შესაძლებელია ასევე ფესტივალებისა და გამოფენების გამართვა.
თქვენს მენიუში გერმანულ კერძებთან - „ნემეცურთან“, სოსისებთან, ქათმის შნიცელთან, პრეცელთან და ვაშლის შტრუდელთან ერთად არის რაჭული სამზარეულო - ლობიანი, „რაჭული დახვეული“, „რაჭული გობი“, „რაჭული განატეხი“. საიდან გაჩნდა რაჭული კერძები „სადგურის“ მენიუში?
1942 წელს, როცა ასურეთიდან გერმანელები გადაასახლეს, აქ რაჭველები დაასახლეს. ის გერმანელი ქალები, რომელიც ქართველ მამაკაცებზე იყვნენ დაქორწინებული, არ გადაუსახლებიათ, აქ დატოვეს. ასურეთში დღემდე შემორჩა რამდენიმე გერმანული კერძის დამზადების მეთოდი. საერთოდ, აქ მცხოვრებმა რაჭველებმა გერმანელების დანატოვარი ბევრი რამ შეინარჩუნეს, ბევრი თვითონაც მიამატეს და ჩვენს სამზარეულოში არის როგორც გერმანული, ისე რაჭულ კერები. მაგალითად „ნემეცური“, ამ კერძს ასურეთში ყველა ოჯახში დღესაც ამზადებენ. რაც შეეხება სოსისებს, მისი მომწოდებელი საქართველოში მცხოვრები გერმანელია, რომელმაც იცის ნედლი სოსისების დამზადების ტექნოლოგია და ის გვაწვდის გერმანულ სოსისებს. ღვინო „შალა“ კი მხოლოდ ამ სოფლისთვისაა დამახასიათებელი.
„შალა“ გერმანული ღვინოა და გერმანული ყურძნისგან მზადდება?
„შალა“გერმანელების მიერ გამოყვანილი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინოა. სხვადასხვა ისტორიებს ყვებიან ამ ღვინოსთან დაკავშირებით. ერთი ვერსიით გერმანელებმა თვითონ ჩამოიტანეს ვაზის ნერგი. ოტო შალი გერმანელი მეღვინე იყო, რომელმაც ყურძნის ეს ჯიში გამოყვანა. მეორე ვერსიით, ამ ოტო შალმა ასურეთის ძველ ქართულ ნასახლარში იპოვა ძველი ქართული ყურძნის ჯიში და სხვა ჯიშთან დაამყნო და „ასურეთული შალა“ მიიღო, რომლისაგანაც წითელი ღვინო მზადდება.
გერმანელი ტურისტები რამდენად იცნობენ ასურეთს და „სადგურს“?
გერმანელები, რა თქმა უნდა, ხშირად გვსტუმრობენ. ასურეთში ბევრი გერმანელი მოგზაურობს, რადგან ყველასთვის ცნობილია, ან თუ არ იციან, უყვებიან, რომ საქართველოში 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანელები ცხოვრობდნენ. ძირითადად მაინც ქართველი სტუმრები გვყავს, ისინი, ვისაც ქალაქგარეთ გასვლა და განსხვავებულ გარემოში დასვენება უნდა.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?
სამომავლოდ ვგეგმავთ განვავითაროთ სასტუმროს მიმართულება, ავაშენოთ სასტუმრო, ასევე გვინდა, ჩვენი საკუთარი ლუდი დავამზადოთ, თუმცა, ამისთვის პარტნიორებს ვეძებთ, ვინც ეს ტექნოლოგია იცის, რადგან ახალი საქმის დაწყება ადვილი არ არის.