საქართველოს ბაზრობების გაერთიანება ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატების ვალდებულების 2030 წლამდე გადავადებას ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისთვის 9 ივნისს წარდგენილი სავაჭრო - კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანების მიერ გაგზავნილ წერილშია. ნათქვამი, რომელსაც ხელს გაერთიანების თავმჯდომარე მუხრან ბაგრატიონი აწერს. პარლამენტის ბიურომ აღნიშნული წერილი 11 ივნისს განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს გადასცა.
ბაზრობების გაერთიანების წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ დახლებზე ვაჭრობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება უჩნდებათ. გაერთიანებაში ირწმუნებიან, რომ ეს ვალდებულება მოიჯარეებს და ბაზრობების ორგანიზატორებს აზიანებს. წერილში ნათქვამია, რომ რეგულაციის მოთხოვნები რეალურ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს ვერ პასუხობს.
გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბაზრობების ტერიტორიაზე არსებულ დახლებზე დასაქმებული ათასობით მოქალაქე სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ და ფინანსური შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ, ამასთან, მათ აპარატების შესაძენად არ აქვთ საკმარისი რესურსი და გამოსაყენებლად საკმარისი ცოდნა. დაბალი განათლების ან ხანდაზმული პირები კი დამატებით ინსტრუქციებს და დახმარებას საჭიროებენ. ბაზრობების გაერთიანებაში ხედავენ რისკს, რომ ამ ვალდებულების გაჩენის შემდეგ, შესაძლოა, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგოს სამუშაო ადგილი და გაუუარესდეს სოციალური მდგომარეობა. გარდა ამისა, პარლამენტში შესულ წერილში სხვა გარემო ფაქტორებიც არის აღწერილი. კონკრეტულად კი, გაერთიანების ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი ბაზრობები ტექნიკურად და ინფრასტრუქტურულად მოსამზადებელი არიან, რათა სალარო აპარატების უსაფრთხო გამოყენება მოხდეს, რაც ორგანიზატორებისთვის ფინანსური ხარჯების გაორმაგებასთან არის დაკავშირებული.
„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, ვინაიდან 2005 წლიდან მოქმედებს აღნიშნული ნორმა და დღემდე არ განხორციელებულა მისი პრაქტიკაში რეალიზება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ აღნიშნული ნორმის არსებობა საგადასახადო კოდექსში გამართლებული არ არის. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ბაზარი არ და ვერ არის მზად ასეთი ცვლილებებისთვის“, - აღნიშნავენ წერილის ავტორები და პარლამენტს თხოვნით მიმართავენ: „გადაიხედოს კანონით დადგენილი ვადა და რეგულაციის ამოქმედება გადაიდოს 2030 წლის 1 იანვრამდე; ან დაინერგოს ნებაყოფლობითი პრინციპი სალარო აპარატების გამოყენების საკითხში, რათა დახლებზე მოვაჭრეებს და ბაზრობების ორგანიზატორებს მიეცეთ არჩევანის თავისუფლება“.
ბაზრობების გაერთიანება ასევე ითხოვს ამ ვალდებულების შესრულებისთვის დაწესებული საჯარიმო ზომის გადახედვას.
„ჩვენი თხოვნა მიზნად ისახავს არსებული სოციალური და ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით სახელმწიფოს საგადასახადო მიზნების ხელშეწყობას - თანდათანობით, ორგანიზებულად და სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით“, - წერია წერილში.