დონალდ ტრამპმა საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესა. საქართველოდან აშშ-ის ბაზარზე ძირითადად ფეროშენადნობები, მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, ღვინოები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები შედის.
,,კომერსანტი“ დაინტერესდა რა გავლენას მოახდენს ტარიფების დაწესება ქართულ კომპანიებზე, რომლებსაც თავისი პროდუქცია შტატების ბაზარზე შეაქვთ. კითხვით ჩვენ კომპანია ,,კულას“ დირექტორს მივმართეთ, რომელიც ამერიკაში ნატურალური წვენებისა და სხვადასხვა საკონსერვო პროდუქტის იმპორტს ახორციელებს. ვანო გოგლიძე აცხადებს, რომ მათი პროდუქცია ამერიკის ბაზარზე გაძვირდება და 10%-იანი ტარიფი საბოლოო მომხმარებელზე აისახება. „კულას“ დირექტორი განმარტავს, რომ ის პარტნიორს პროდუქციას კონკრეტულ თანხაში აწვდის და ამ თანხაში ცვლილება ჯერ არ შესულა. თუმცა, ვანო გოგლიძე არ გამორიცხავს, რომ ბაზარზე ფასის შენარჩუნების მიზნით, პარტნიორმა პროდუქციაზე შესაძლოა ფასდაკლება ითხოვოს. მისივე თქმით, ფასდაკლების მოთხოვნით პარტნიორს კომპანიისთვის ჯერ არ მოუმართავს, თუმცა მსგავსი კომუნიკაციის შემთხვევაში ,,კულა“ მზადაა შეღავათი გააკეთოს.
,,პროდუქცია გაუძვირდებათ იქ, ამერიკელ მომხმარებლებს, ვინც საბოლოო მომხმარებელია. მე როგორც ვყიდი, დავუშვათ 1 დოლარად, ისე გავყიდი ახლაც. უბრალოდ ჩემი პარტნიორი ვინც ყიდულობს ის დამატებით გადაიხდის 10%-ს და ეს შევა თვითღირებულებაში. გაუძვირდებათ საბოლოო მომხმარებლებს. დავუშვათ, ტყემალი თუ ღირდა 3 დოლარი, გახდება 3,30 დოლარი, ან ცოტა მეტი. ყველასთვის თუ დააწესა პროპორციულად ფასები მოიმატებს. ჩემთვის არაფერი შეიცვლება. როგორც ვაგზავნიდი, იმ ფასში გავაგზავნი ისევე. თუ იმათ მომთხოვეს დამატებით ფასდაკლება ამაზე დავილაპარაკებთ, მაგრამ ჯერ ამაზე კომუნიკაცია არ გვქონია. რაღაც ეტაპზე შეიძლება მოითხოვონ კომპენსაცია და შეიძლება ეს გავაკეთოთ, სანამ მოსახლეობა შეეჩვევა იმას, რომ 10%-ით მოიმატებს ფასი. კომპენსაციაზე არ ყოფილა ჯერ ლაპარაკი და მე მგონია არც იქნება. არ არის გამორიცხული, რომ მათ გადაიხადონ 10% და არაფერი მოემატოს საქართველოს. ეს არ ვიცი ჯერ ზუსტად. ამერიკაში დოლარში ვყიდით და დოლარი არ იცვლება. რომ ყოფილიყო რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც ვყიდით ვთქვათ ევროში და ევრო გაფუჭებულიყო ან სხვა რომელიმე ვალუტა იყოს, ყაზახური მაგალითად, იქ შეიძლება ემოქმედა. დოლარში რომ იყიდება დაფიქსირებულია ფასი და ამას არ ვცვლით ჩვენ. დოლარში გვიწერია ფასი. ყველასთვის დააწესა მარტო ჩემთვის ხომ არა, აქედან გამომდინარე ყველას მოემატება.’’- აცხადებს ვანო გოგლიძე.
კომპანია ,,კულას“ დირექტორი ამბობს, რომ პროდუქციის გაძვირება რეალიზებას შეამცირებს, თუმცა ეს ეფექტი ხანმოკლე იქნება. მისი თქმით, ფასის მატება ყველა პროდუქტს შეეხება და გაძვირებას მომხმარებელი შეეგუება, რის შემდეგაც რეალიზება თავის ნიშნულს დაუბრუნდება.
,,რა თქმა უნდა აისახება. (გაყიდვები) შეიძლება შემცირდეს, მაგრამ რაღაც პერიოდი იქნება შემცირება, როცა ხალხი შეეჩვევა და ყველა აუწევს ფასს, დასტაბილურდება. სავარაუდოდ ასე იქნება.’’- აცხადებს ვანო გოგლიძე.
კომპანია ,,კულა“ წარმოებული პროდუქციის 10%-ზე მეტს ამერიკის ბაზარზე ყიდის. ვანო გოგლიძე აცხადებს, რომ შტატების ბაზარზე შესვლა კომპანიისთვის კარგი შედეგების მომტანია, რადგან შეკვეთებს სისტემატურად იღებენ და ის მზარდ ტენდენციას აჩვენებს. ,,კულას“ დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ბაზარს კიდევ უფრო მეტი პროდუქცია მიაწოდონ.
,,კმაყოფილი ვარ. შეკვეთები სისტემატურად მოდის და სისტემატურად იმატებს. წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 10-12%-ს ვაგზავნით ამერიკის ბაზარზე. ვგეგმავთ გავზარდოთ მიწოდება. ამის შესაძლებლობას იძლევა მოთხოვნა. მომხმარებლები ძირითადად არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოსახლეობა და მერე უკვე ამერიკის მოსახლეობა. სხვადასხვა ქსელებში ვართ. ეძახიან რუსულ ქსელებს. იქაც შევდივართ და სხვა ქსელებშიც შევდივართ. ტყემლები უფრო რუსულ ქსელებში შედის. ბარბიქიუს სოუსები, წვენები და კომპოტები ამერიკულ ქსელებში. 50-50-ზეა გადანაწილება. შეიძლება 60% რუსული, უკრაინულ და ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩასული ხალხის მაღაზიები იყოს. დანარჩენი 40% ამერიკული.’’- აცხადებს ვანო გოგლიძე.