„მოლოდინი იყო, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად იმოქმედებდა ეკონომიკაზე, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია არ არის იმდენად დრამატული, რაც მოსალოდნელი იყო“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „დიოს“ დამფუძნებელმა, თამაზ დაუშვილმა განუცხადა.
„იყო მოლოდინი, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად იმოქმედებდა ეკონომიკაზე, მაგრამ მოლოდინი იყო უარესის. როგორც ჩანს, სიტუაცია არ არის იმდენად დრამატული, რაც მოსალოდნელი იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, არის სფეროები, სადაც შეინიშნება ეკონომიკური აქტივობის შემცირება, ეს შესაძლოა, იყოს ტურიზმის სექტორი და სამშენებლო სექტორი. შემცირების გარკვეული ნიშნები ჩვენი კომპანიის მაგალითზეც არის, მაგრამ კარგია, რომ არა იმდენად ნეგატიურად, რისი მოლოდინიც იყო.
მონაცემები აჩვენებს, რომ, ასე თუ ისე, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და ბოლომდე არ გამართლდა ნეგატიური მოლოდინები. რასაკვირველია, სასურველია, რომ სრულიად მოიხსნას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფაქტორი, რადგან ბაზარზე კვლავაც არის არასტაბილურობის შეგრძნება - ყველას სურვილია, გადაწყდეს ეს საკითხი და ქვეყანამ განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა, რაც საკმაოდ დიდ ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს, როგორც ბიზნესებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისა და ეკონომისთვის,“ - აღნიშნავს თამაზ დაუშვილი.
ამავე დროს, რესპონდენტს ვკითხეთ, რამდენად აისახა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და გაურკვეველი ფონი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე.
დაუშვილის თქმით, მის კომპანიაში უცხოური ინვესტიციები ნაკლებად ხორციელდება, თუმცა, შექმნილი ვითარება ინვესტიციების განხორციელებისთვის ხელსაყრელ პირობად ვერ ჩაითვლება.
„ჩვენი კომპანიის მაგალითზე ვერ გეტყვით უცხოურ ინვესტიციებზე გავლენას, რადგან ჩვენს კომპანიაში არ არის უცხოური ინვესტიციები, ჩვენი სახსრებით ვახდენ ინვესტირებას მთლიანად, მაგრამ რა სიტუაციაც არის დღეს ქვეყანაში, არ შეიძლება ჩაითვალოს ხელსაყრელ გარემოდ დიდი ინვესტიციების განხორციელებისთვის. ეს ჩანს კიდევაც „საქსტატის“ მონაცემებში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა და ძირითადად რეინვესტიციები ხდება. რეინვესტიციები კარგია, ეს გარკვეულწილად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვართ ბიზნესები, ვინც ვცდილობთ, გარკვეული ინვესტირება განვახორციელოთ.
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციების უფრო მძლავრი ნაკადი წამოვიდეს დასავლეთიდან და უფრო ძლიერი ბიძგი მისცეს ეკონომიკის ზრდას, რადგან დასავლურ ინვესტიციებს თან მოჰყვება მეტი ცოდნა, განათლება, ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიციური პერსონალის დასაქმება - ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს უზრუნველყოფს იმას, რომ აღარ მოხდეს მაღალკვალიფიციური პერსონალის გადინება და საქართველომ არ დაკარგოს ნიჭიერი მოსახლეობა, ასეთი მაგარი ახალგაზრდების სახით,“ - განაცხადა თამაზ დაუშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.