რა მდგომარეობა ავტოიმპორტის სექტორში, როგორ მოქმედებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოს ავტობაზარზე და რა მოლოდინებია სამომავლოდ. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ ისაუბრა.
ალექსი ნონიაძის თქმით, ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაზარზე ნეგატიური მოლოდინები შექმნა, რადგან უცხოელი ავტოიმპორტიორები საზღვარზე მანქანის გადაყვანასთან დაკავშირებით გაურკვევლობაში იყვნენ. თუმცა ბაზარზე მისი გავლენის მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არსებული გამოწვევების ფონზე, მსუბუქი ავტომობილები 2023 წლის იანვარ-ივლისში იმპორტის უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფს წამოადგენდა. ალექსი ნონიაძე ამას იმით ხსნის, რომ დაანგარიშებულია ვაჭრობის მოცულობა, რომელიც ავტომობილების საშუალო ფასის ზრდის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ვაჭრობის მოცულობით საქართველოს რეექსპორტში პირველ ადგილი უკავია, მეორედან პირველზე ნაწილობრივ იმ ფაქტორის გათვალისწინებით გადავინაცვლეთ, რომ გაიზარდა საშუალო ფასი ერთ ავტომობილზე. ადრე თუ იყო საშუალო ფასი 9000$, დღეს არის 19-20000$-მდე, ანუ როდესაც ვიღებთ მხოლოდ ერთ მაჩვენებელს - ვაჭრობის მოცულობას ეს დარგში არსებულ სრულ სურათს არ გვიხატავს.
ამ მაჩვენებლებს თუ ერთეულებში გადავიყვანთ, ანუ რამდენი ავტომობილი გაიყიდა, დავინახავთ რომ კი დავუბრუნდით 2019 წლის მონაცემებს. მაგრამ უნდა დავაკვირდეთ პანდემიის შემდგომი გამოწვევები და თუნდაც მე-11 პაკეტი რას იზამს და რა გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს. ერთია როდესაც ვაჭრობის მოცულობაზე ვსაუბრობთ და მეორეა რა მდგომარეობაა ბაზარზე, ბაზარი გაჯერებულია, ავტომობილები აღარ იყიდება და ფინანსური კრიზისის წინაშე დგანან ავტოიმპორტიორები. მარტივად, რომ ავხსნათ ერთია ჩემ ჯიბეში რა მოცულობის ფულმა გაიარა და მეორეა რა მრჩება მე. პირობითად რომ ავიღოთ 1000 დოლარიდან შეიძლება ავტოიმპროტიორს დარჩეს 100 დოლარი. ახლა ავტომობილებს ფაქტობრივად თვითღირებულებაში ყიდიან. ფინანსური ვალდებულებები უჩნდებათ ავტოიმპორტიორებს და ფასიდან 95% მიდის დანახარჯებში და 5%-ც აღარ რჩებათ მოგება, “ - აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.
როგორია მოლოდინები ბაზარზე, მოსალოდნელია არსებულ პირობებთან ადაპტირება თუ კრიზისის გაღრმავება - როგორ ნონიაძე ამბობს, არაა გამორიცხული რამდენიმე წვრილმა ავტოიმპორტიორმა ბაზარი დატოვოს.
„შედარებით კარგი მდგომარეობაა მსხვილ კომპანიებში, წვრილი ავტოიმპორტიორები უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან. მსხვილ მეწარმეებს ლავირებისა და თამაშის ახალი წესების მიღების საშუალება აქვთ. წვრილი მეწარმეები კი წაგებაზე მიდიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე წვრილმა ავტოიმპორტიორმა, მას შემდეგ რაც პროდუქციას ამოყიდიან, რომ ბაზარი დატოვოს,“- აღნიშნა ნონიაძემ.