სასტუმროების ფედერაციაში ამბობენ, რომ აპრილიდან ივნისის პირველ ნახევრამდე საქართველოში ტურისტული ნაკადი შარშანდელთან შედარებით 8-10%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად აზიური ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ინდოეთიდან და ჩინეთიდან ჩამოსულ ვიზიტორებზე მოდის.
ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ევროპელი ტურისტების კლებასთან ერთად, სექტორი აზიური ბაზრის მოთხოვნებზე გადაერთო.
„აპრილი, მაისი და ივნისის პირველ ნახევარში, შარშანდელ წელთან შედარებით ტურისტული ნაკადის ზრდა გვქონდა დაახლოებით 8-10%. ზრდა ძირითადად აზიელი დამსვენებლების ხარჯზე გვაქვს, მაგალითად ინდოეთიდან და ჩინეთიდან. ევროპული ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი კლებადია, შესაბამისად აზიურ ბაზარზე უნდა გადავეწყოთ და თანდათანობით მის სპეციფიკას და მოთხოვნებს შევეჩვიოთ. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ სეზონზე დაახლოებით სექტემბრის ბოლოსთვის სასტუმროების დატვირთულობა გასული წლის მაჩვენებელს დაეწევა “,- აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.