საკონსერვო,,კულა" წარმოების გაზრდას გეგმავს. კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ გეგმის მიხედვით 2025 წელს კომპანია წარმოებას 15%-ით გაზრდის. ამ მიზნით მათ ახალი საწარმოები შეიძინეს. ერთი გორში მდებარეობს. მეორე კი დაბა აგარაში ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია „ჰიპის" ქარხანაა.

 

,,წარმოების გაზრდას ვაპირებთ. გეგმაში გვაქვს დაახლოებით 15%-ით წარმოების გაზრდა. გვაქვს ახალი დანადგარები. დავამატეთ ახალი საწარმოო ფართები გორში. ასევე შევიძინეთ დაბა აგარაში ,,ჰიპის’’ ქარხარა. აპრილში შევიძინეთ ქარხანა და იქაც დავიწყებთ პროდუქციის წარმოებას თვის ბოლოდან.’’- აცხადებს ვანო გოგლიძე.

 

კომპანია ბიო წვენებისა და ხილის ფაფების წარმოების გაზრდას გეგმავს. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ,,კულას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან, სადაც კომპანიას საკუთარი პროდუქციის შეტანა სურს. თუმცა, ვანო გოგლიძე ამ ეტაპზე დეტალებს არ ასაჯაროებს. კომპანიამ უკვე გაგზავნა საცდელი კონტეინერი ბანგლადეშში.

,,ყოველთვის ვცდილობთ საზღვარგარეთ რაც შეიძლება ბევრი პროდუქცია გავიტანოთ და ვალუტა შემოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში და კომპანიაში. ვმუშაობთ და წინასწარ ვერ გეტყვით. ყველა პოტენციურ ქვეყანასთან ვმუშაობთ. წინასწარ ვერ გეტყვით. გადავალთ რაღაც ეტაპზე და მერე შემეძლება დეტალებზე საუბარი. ბანგლადეშში გავიტანეთ ბოლოს პროდუქცია. პირველი კონტეინერი გზაშია. ჯერ არ ჩასულა.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში ვანო გოგლიძე.

 

საკონსერვო წარმოება "კულა"  ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. თუმცა საწარმოების რაოდენობა გაზაფხულიდან გაიზრდება.