კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამილახვრის ციხე-დარბაზი იყიდება. შესაბამისი ინფორმაცია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პორტალმა DazHomes-მა სოციალურ ქსელში განათავსა.

BMG-მ ისტორიულ ძეგლზე დამატებითი დეტალები გაარკვია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 18 915 კვ.. მიწის ფართობი და მასზე განთავსებული ამილახვრის ციხე კერძო საკუთრებაა. მისი მფლობელი "ქართული ოცნების" და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ერეკლე კუხიანიძეა, რომელმაც ქონება 2020 წელს, დედისგან, ჩუქების გზით მიიღო.

XVII საუკუნით დათარიღებული ციხე კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალაში მდებარეობს და 1.5 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ამასთან, ისტორიული ობიექტი განახლებას საჭიროებს და იმისთვის, რომ ფუნქციური სახე დაუბრუნდეს, დაახლოებით, 1 მილიონი დოლარის ინვესტირებაა საჭირო.

"ისტორიული ობიექტი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე გასხვისდება. ისტორიული ღირებულება და არქიტექტურული ბრწყინვალება კი, იდეალურ კანდიდატად აქცევს მუზეუმისთვის, კულტურული ცენტრისთვის ან ექსკლუზიური ღონისძიებების ადგილისთვის", - ასე აღწერს აქტივს DazHomes-ი.

აღსანიშნავია, რომ ქონებას ყადაღა ადევს. კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ციხე-დარბაზი გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის განჩინების საფუძველზეა დაყადაღებული.

BMG დამატებითი დეტალებისთვის თავად ერეკლე კუხიანიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ეს მისი წინაპრების ქონებაა, რომელსაც მისი ოჯახი ოფიციალურად 2001 წლიდან ფლობს. ერეკლე კუხიანიძის თქმით, გარდა გაყიდვისა, განიხილება თანამშრომლობა ციხე-დარბაზის განსავითარებლად. მან ასევე ქონების დაყადაღების მიზეზი განმარტა და მის მიმართ არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

„დედაჩემის დედა, ეკატერინე ჩოლოყაშვილი მანდ დაიბადა. მისი დედა იყო ნინო ამილახვარი, რომელიც ცნობილი გენერლის, ივანე ამილახვრის ძმის შვილი გახლდათ. დედაჩემის დედამ, 2001 წელს, კასპის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიიღო ეს სამკვიდრო საკუთრებაში. ეს არის ჩვენი დიდი პაპების და ბებიების აშენებული და ნაქონი.

რაც შეეხება ყადაღას, 2015 წელს გავიგეთ, რომ დაყადაღებულია. აღმოჩნდა, რომ ეს იყო საპატრიარქოს თხოვნით, ამილახვრების კარის ეკლესიას ეხებოდა საკითხი. მომთხოვეს, ეს ეკლესია ეპარქიისთვის გადამეცა. საბოლოოდ, გადაეცათ და იყო შეთანხმება, რომ ეკლესიას გადავცემ და მორჩა, თუმცა გადის რაღაც პერიოდი და შემოდის საჩივარი, რომ კოშკი, რომელიც ეკლესიას ეკვრის, ასევე გადასცემოდათ. 2018 წელს მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, რომ არანაირი კოშკი ეკლესიას არ ეკუთვნის და ეს ჩვენი საკუთრებაა.

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ვაჟა ოთარაშვილს აქვს შეკვეთა ეპარქიიდან, რომ როგორმე წამართვან, პრობლემა შემიქმნან, რომ ვერ გავასხვისო და მუდმივად გაჩერებული იყოს. მან დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ უბინძურესი კამპანია. ერთი წლის წინ, მისი 2015 წელს შესული საჩივარი ამოსწია პროკურატურამ. ეს გახდა საფუძველი ყადაღის დადების. საქმე სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და არც კი განიხილეს. ციხე კატასტროფულ მდგომარეობაშია, ცოტაც და მთლიანად ჩამოიშლება. რესურსი არ მაქვს, არც არავინ მეხმარება. ეს ჩემი წინაპრების ქონებაა, მინდა გადავარჩინო, შევუნარჩუნო ქვეყანას და მივიღო მოგება, ასევე მოგება მიიღოს ყველამ, რადგან როგორც კი ეს აღორძინდება, მთელი რაიონისთვის იქნება ძალიან კარგი“,- ამბობს ერეკლე კუხიანიძე.

შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძესქართული ოცნებადა თბილისის საკრებულო 2019 წელს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ იმ დროისთვის უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი ოჯახის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ დაატოვებინეს.

bm.ge