აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2 აპრილიდან ავტომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესდება დააანონსა. ვადამ ორი თვით გადაიწია, თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. გარდა ამისა, 25%-იან საბაჟო გადასახადი დაუწესდება ევროპიდან ამერიკაში იმპორტირებულ პროდუქციას, მათ შორის ავტომობილებს.
სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირების მიზნით, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 5%-იანი საბაჟო ტარიფი დაუწესდება აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინს, რაც ავტოწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ავტობაზარზე ვარაუდობენ, რომ დაწესებული ტარიფები მანქანებზე ფასს გაზრდის და ამის პარალელურად, მოთხოვნა და ფასები მეორეულ ავტომობილებზეც გაიზრდება.
საქართველოში ამერიკული მეორეული ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია: 2024 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობამ 6.56 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, საიდანაც 2,4 მილიარდი მსუბუქ ავტომობილებზე მოდიოდა.
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის ალექსი ნონიაძის თქმით, ქართულ ბაზარზე ნეგატიური მოლოდინები ტრამპის გადაწყვეტილებამდეც იყო: 2023 წელს ჭარბი მიწოდების გამო, კრიზისი შეიქმნა, რომელსაც ავტო მოვაჭრეები დღემდე ვერ უმკლავდებიან.
როგორც ნონიაძე „კომერსანტთან“ ამბობს, დაწესებული სანქციები ისედაც შემცირებულ იმპორტს, კიდევ უფრო შეამცირებს. ალტერნატივად ჩინური ბაზარი განიხილება, ეს გათვლა უფრო შიდა მოხმარებას დააკმაყოფილებს, თუმცა საქართველო ,,ჰაბის" ფუნქციას დაკარგავს.
„ტრამპის გადაწყვეტილებამდეც, ჩვენს ბაზარს ნეგატიური მოლოდინები ჰქონდა, რადგან 2023 წელს ჭარბი მიწოდება გვქონდა, ამიტომაც იმპორტი მცირდებოდა.
ამის გარდა, ავტომობილებზე ფასი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და აშშ-დან ავტომობილების ჩამოყვანა საკმაოდ გაძვირებული იყო.
ბუნებრივია ტრამპის გადაწყვეტილება ავტომობილების იმპორტზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს, თუმცა ეს დღეს ან ხვალ არ მოხდება; ვვარაუდობთ, რომ 5-6 თვე მაინც დასჭირდება.
ბუნებრივია, თუ დეფიციტი გაჩნდება, ბიზნესი ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებს, რაც შესაძლოა ევროპული ბაზარი იყოს, თუმცა არის დაშვება, რომ ევროპულმა ბაზარმა იმ რაოდენობის ავტომანქანებით ვერ უზრუნველგვყოს, რაც გვჭირდება. ასევე, გასათვალისწინებელია აზიური ბაზარი და ჩინეთი.
ახლა ჩინეთს კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს და ამერიკული წარმოების მიერ დაკარგული ბაზრები შეავსოს. თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინური ავტომობილების იმპორტის შემთხვევაში, საქართველოს, როგორც "ავტოიმპორტის ჰაბის" ფუნქცია, შესაძლოა დაიკარგოს. საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის მთავარი ბაზარი ცენტრალური აზიის ქვეყნები იყო.
ჩინეთიდან ჩამოსულმა ავტომობილებმა, საქართველოში ჩამოსვლამდე ცენტრალური აზიის ქვეყნები უნდა გამოიაროს და ისევ ცენტრალურ აზიაში გავიდეს? თუ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ჩინური ავტომობილები დასჭირდა, ამას უჩვენოდაც მშვენივრად მოახერხებენ, თანაც უფრო ახლო მანძილზე“,- აღნიშნა ალექსი ნონიაძემ.