ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარება გამოწვევა არის სტარტაპერებისთვისაც. მათი ნაწილი ინვესტორებისა და ფინანსების მოძიების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. რა არის მთავარი გამოწვევა დღეს სტარტაპებისთვის? კითხვით ,,კომერსანტმა“ პირველი ქართული ვენჩურული ფონდის მმართველ პარტნიორს ირაკლი ქაშიბაძეს მიმართა. მისი თქმით, მთავარი საკითხი რაზეც ქართული სტარტაპები უნდა დაფიქრდნენ იდეის მასშტაბურობაა. ირაკლი ქაშიბაძის განცხადებით, პროდუქტი თუ გლობალურ ბაზარზე იქნება გათვლილი მას წარმატების დიდი შანსი აქვს.
,,ძირითადი პრობლემა რაც აქვთ სტარტაპებს და რაც მნიშვნელოვანია, რომ გაათვითცნობიერონ - სტარტაპი რომ იყოს წარმატებული უნდა ჰქონდეს გლობალური პროდუქტი. მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე ორიენტაცია შეიძლება რისკის მატარებელი იყოს. შესაბამისად, თუ ხარ გლობალური ბაზარზე ორიენტირებული ნაკლები პრობლემა გაქვს ინვესტორების მოზიდვის კუთხითაც. თუ შენ აკეთებ გლობალურ პროდუქტს, სტარტაპი ისეთი რაღაც არის, რომ შეიძლება მუშაობდე სვანეთიდან და გაყიდო ამერიკაში.’’- აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე.
Future Lab-ის მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ ამერიკელი ინვესტორების მხრიდან ქართული სტარტაპებით დაინტერესება დიდია. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთი ის, რომ ქართული სტარტაპების ინვესტირება ნაკლები თანხა ჯდება. ხარჯის სიმცირე კი ინვესტორს მეტი მოგების შესაძლებლობას აძლევს. Future Lab-ის აქსელერაციის პროგრამაში ამ დროისთვის 115 განაცხადია შესული. ირაკლი ქაშიბაძე აცხადებს, რომ ისინი პროგრამის მონაწილე სტარტაპერებს ეხმარებიან ისეთი პროდუქტის შექმნაში, რომელიც ამერიკის ბაზრისთვის და ამერიკელი მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი.
,,ჩვენი სტარტაპები ორიენტირებულები არიან მხოლოდ ამერიკისა და გლობალურ ბაზარზე. ამერიკული მხრიდან დაინტერესება არის. უკვე შემოვიდა 115 განაცხადი ჩვენს პროგრამაში და კიდევ გრძელდება რეგისტრაცია. ეს არის 115 სტარტაპი, რომლებსაც ჰყავთ პროგრამისტების გუნდი. აქვთ სურვილი შექმნან პროდუქტი ამერიკის ბაზრისთვის და აქვთ იდეა. ამერიკელი ინვესტორების მხრიდან დაინტერესება დიდია. უკვე 10 ინვესტორთან მქონდა შეხვედრა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართულ სტარტაპებში ინვესტირებით. ყველა ეძებს უფრო ნაკლები ღირებულებით და უფრო ნაკლები ხარჯებით სტარტაპებს, რაც საქართველოში არის. ასეთ სტარტაპში ფულს რომ დებ გაცილებით მაღალი უკუგება გაქვს. ე.წ. ხარჯვითი ნაწილი დაბალია და ნაკლები ფულის დახარჯვა გიწევს, რომ ფული მიიღო. ასე უკეთეს შედეგს იღებს ინვესტორიც. ინვესტორებს აინტერესებთ სტარტაპები ყველა სფეროში. ოღონდ ტექნოლოგიებში. ჩვენ იდეის დახვეწაში და ამერიკელი მომხმარებლის სწორ აღქმაში ვეხმარებით სტარტაპებს. ჩვენ ვეხმარებით, რომ პირველადი იდეა დატესტონ ამერიკის ბაზარზე და ნახონ რა იმუშავებს და რა არ იმუშავებს. ყველა იდეა არ შეიძლება იყოს უნივერსალური, ამიტომ ვასწავლით სწორად როგორ განახორციელონ და იპოვონ მათი მომხმარებელი, რომელიც ფულს გადაგიხდის.’’- აცხადებს ირაკლი ქაშიბაძე.