ამ ვითარებაში, მთავარი შეკითხვები ისევ ბიზნესის მისამართითაა : ასე გაწყობთ? მოგწონთ? მისაღებია? არ გაწუხებთ? - ამის შესახებ პოლიტიკის და სამართლის საკითხების ექსპერტი, პარტია "ჯერ საქართველოს" ლიდერი ვიქტორ ყიფიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ქვეყნის (და არა ვიწროპარტიულ) ხელისუფლებასა და თავმოყვარე ბიზნესს შორის ურთიერთოებაზე: ბოლო წლები ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ურთიერთობებში „უწესო წესების“ მორიგ სერიას ვადევნებთ თვალს. მართლაც მორიგს, რამეთუ მასში ახალი არაფერია: ბიზნესს ისევ ახსენებენ მის მორჩილებაზე, ხოლო ხელისუფლება არაფორმალური ბატონ-პატრონის როლს ხელახლა ირგებს.
ამჯერად, მაინც, თუ რაიმე სიახლეზე შესაძლებელია საუბარი - ეს არის ხელისუფლების მიერ კონკრეტული ბიზნეს სექტორების მიმართ ადმინისტრაციულ-ბრძანებლობითი მანერა და ტონი. ცხადია, არადეკლარირებული, მაგრამ ის მანერა და ტონი, რომელიც უფროს თაობებს საბჭოეთისათვის ტიპიურ ცენტრალიზებულ, გეგმიერ ეკონომიკას მოაგონებს.ესეც კიდევ საკმაოდ რბილი შედარებაა, ვინაიდან ცალკეულ მომენტებში ბოლო დღეების პროცესები ხელისუფლების მხრიდან მონარქიისათვის დამახასიათებელ ხელწერასაც ატარებს - „მე გიბოძე და ვინ თუ არა ისევ მე ჩამოგართმევ“.
აქაც, ალბათ, გამართლება უნდა რომ განათლებული მონარქიის ხელში მაინც აღმოჩნდე. ქართულ ბიზნესს ასეთი ხვედრიც არ ერგო, რამეთუ ხელისუფლების მიდგომას თანაბრად აკლია ცოდნა (და ნდობაც) როგორც ბიზნესთან, ისე მთლიანობაში საკუთარ მოსახლეობასთან ურთიერთობაში.თუმცა, ამ ვითარებაში, მთავარი შეკითხვები ისევ ბიზნესის მისამართითაა : ასე გაწყობთ? მოგწონთ? მისაღებია? არ გაწუხებთ? ხომ არ დადგა დრო, რომ მორჩილების მდგომარეობისგან გამონთავისუფლების მიზნით, თქვენს ხელთ არსებული რესურსი - მისი „ჩატანა-მიტანის“ ნაცვლად - თქვენთვის რეალური საქმიანი გარემოს შექმნას მოახმაროთ? მოახმაროთ, პირველ რიგში, თქვენი თავმოყვარე ხმისათვის აუცილებელ მოკავშირეებს: მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკური აზრის მრავალფეროვნებას, ინსტიტუციურ განვითარებას? მოახმაროთ დღეის მდგომარეობით ჯანსაღი მოძრავი აზრის ჯერ კიდევ იმ შემორჩენილ კუნძულებს, რაც ხვალინდელი ნორმალური მომავლისათვის დღეის მდგომარეობით ამ კუნძულებს ამაყი ბიზნესისათვის რეალურ გარანტიებად აქცევს?
გეტყვით გულწრფელად, გეტყვით პირდაპირ: ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, რომლიც ნაწილი, ბუნებრივია, თქვენ ხართ, გვჭირდებით. თანაც ძალიან გვჭირდებით.გვჭირდებით არა უბრალოდ თქვენი აბსტრაქტული არსებობით, არამედ ამავე საზოგადოების გვერდი-გვერდ დგომით, უშუალო თანამონაწილებითა და სოლიდარობით.გვჭირდებით თქვენი ცოდნით, უნარებით, გამოცდილებით, რაც ასე ძვირფასია.გვჭირდებით იმ ახალი სოციალური ფორმაციის, ეკონომიკური უსაფრთხოების, გარე და შიდა კრიზისებისადმი გამძლე სისტემის ჩამოყალიბებისათვის, რომელთა გარეშე თანამედროვე, კონკურენტუნარიანი, ათწლეულებზე „გადაჭიმული“ ქართული სახელმწიფო ვერ შედგება. ეს საპატიო როლი, გნებავთ, მისია, ჯერ კიდევ შესასრულებელია. მისი შესრულება კი რეალურად, - არა ნომინალურეად - თავისუფალ ბიზნესს შეუძლია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ თქვენივე საქმიანობისათვის აუცილებელი უსაფრთხოება და სიმშვიდე ქართული ბიზნეს წრეების მიღმა მყოფი საზოგადოების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, აგრეთვე, რომ საზოგადოების მხარდაჭერა, მისი მხრიდან თქვენი აღიარება სულ სხვა ღირებულებისა და სინჯის მქონეა, ვიდრე ის ფასი რასაც პარტიულ-ბიუროკრატიული პატრონების მყიფე და მოწყვლად ვითომ-კეთილგაწნყობაში იხდით.ჩვენი მხრიდანაც თქვენი მისამართით ერთადერთ სწორ და გამართულ დაპირებად მხოლოდ ნორმალური სახელმწიფოს, ქმედუნარიანი და ქმედითი ინსტიტუტების, სამართლიანობით განმსჭვალული საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემის დამკვიდრება გვესახება.
ეს თქვენი და ჩვენი ინტერესების ნამდვილი ერთობაა, ჩვენი საერთო-საერო განვითარებისათვის შეჭმარიტი ერთობაა. ეს, ჩვენი ქვეყნის ამბიციურად თვისობრივი ნახტომისათვის აუცილებელი ერთობაა, ჯერ საქართველოს ირგვლივ და ჯერ საქართველოსათვის ერთობაა“, - წერს ვიქტორ ყიფიანი.