"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში”, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა, შესაძლოა, მალე ცვლილებები შევიდეს, რომელიც ბენეფიციარების დაფინანსების პირობებს და ბანკებთან ურთიერთობას შეეხება.

BMG-ის ინფორმაციით, საბანკო სექტორსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მენეჯმენტს შორის სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია. როგორც აგროსექტორის წარმომადგენლები გვიყვებიან, „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში”, ჯერჯერობით, ყველა ბანკიც არაა ჩართული.

განიხილება ასეთი მოდელი: სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ბიზნესგეგმის მოწონების და ბენეფიციართან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, თანხა, რომელიც მეწარმემ პროექტის განხორციელების შემდეგ უნდა მიიღოს, შესაძლოა, ბანკში დეპოზიტზე განთავსდეს, რაც ბანკისთვის დამატებითი გარანტია იქნება სესხის გაცემისას.

ცვლილებების საჭიროება განახლებული სახელმწიფო პროგრამის ახალი მოდელით გაწერილმა წესებმა განაპირობა. საქმე ის არის, რომ თუ თითქმის 13 წლის განმავლობაში სახელმწიფო განმცხადებელს ბანკის მიერ დამტკიცებულ სესხს უსუბსიდირებდა, ახლა პირველად გადაწყვეტილებას თავად სოფლის განვითარების სააგენტო იღებს. მაგალითად: თუ სოფლის მეურნეობაში ბიზნესის დაწყება გსურთ, ბიზნესგეგმით ჯერ სააგენტოს უნდა მიმართოთ. პროექტს სწორედ იქ შეაფასებენ და მოწონების შემთხვევაში, ბენეფიციართან ხელშეკრულებას გაგიფორმებენ. ამის შემდეგ სააგენტოსგან მოწონებული პროექტი და გაფორმებული ხელშეკრულება აგრობიზნესმენს შეუძლია ბანკში წარადგინოს - ეს ფინანსური ინსტიტუტისთვის ერთგვარი გარანტიაა, რომ სახელმწიფო პროექტს ნაწილობრივ აფინანსებს, რაც სესხის რისკებს ამცირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიუჯეტიდან თანხა მხოლოდ განხორციელებული და დადასტურებული ინვესტიციის შემდეგ გაიცემა. თანადაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი 2 მილიონი ლარია. გამონაკლისია მხოლოდ მერძევეობის სექტორი.

აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამის ამოქმედებისთანავე ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობდა სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, აგრობიზნესმენი გელა ხანიშვილი. ის ახალ “აგროთადანაფინანსების სახელმწიფო პროგრამას” სტრუქტურულად უფრო ევროპულ და მოწესრიგებულ მოდელად მიიჩნევს, რომელიც დარგობრივ სტანდარტებს მკაცრად განსაზღვრავს, თუმცა აკრიტიკებს ახალი მოდელის პოსტ-დაფინანსების მექანიზმსა და ₾2-მილიონიან ლიმიტს. მისი აზრით, სახელმწიფო მხარდაჭერის ახალი პირობები ფერმერებს ფინანსებზე წვდომას გაუძვირებს, ხელს შეუშლის აგრობიზნესის აუცილებელ გამსხვილებას და შესაძლოა, ბანკების მხრიდან სოფლის მეურნეობის დაკრედიტება გართულდეს.

“თვითონ ბანკებიც გარკვეული სკეპტიციზმით უყურებენ ამ საკითხს, თუმცა გარკვეული ინსაიდერული ინფორმაცია მაქვს, რომ ბანკებთან მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ როგორ დარბილდეს ფულის გაცემის მექანიზმი სახელმწიფოს მხრიდან, რათა ბანკების მოქნილობა გაიზარდოს… თუმცა ამ პროექტის ყველაზე დიდი სისუსტე - დანარჩენს კიდევ მოევლება მეტ-ნაკლებად - არის ₾2-მილიონიანი ჩამკეტი ანუ ის, რომ სახელმწიფოს მაქსიმალური თანადაფინანსება 2 მილიონია. იქ სხვადასხვა ჩამკეტებიც არის, მაგრამ იმას თავი გავანებოთ. მე ასე ვამბობ, ყოველ შემთხვევაში: დღეს სოფლის მეურნეობა უნდა გადავიდეს ბიზნესსოფლის მეურნეობაზე. ბიზნესს კი განვითარებისთვის სჭირდება კონსოლიდაცია და გამსხვილება. მცირე, დანაწევრებული გლეხური მეურნეობები ვერ შეძლებენ პროდუქციის სტანდარტიზაციას, ერთობლივ ბრენდირებასა და საექსპორტო ბაზრებზე სტაბილურ დამკვიდრებას… 2-მილიონიანი ლიმიტი კი, ბიზნესს აიძულებს ხელოვნურად დაიშალოს რამდენიმე კომპანიად, რაც დროსა და რესურსს აკარგვინებს”, - აცხადებდა გელა ხანიშვილი 3 ივლისს, “წერტილთან” ინტერვიუში.

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში” შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმირებულია აგრობიზნესმენი ბექა გონაშვილიც. კომპანია “აგროქიზიყის” დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ეს იქნება ერთგვარი შეღავათი, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ბანკის რისკებს სრულად ვერ მოხსნის.

"თუ ბანკისთვის დეპოზიტზე დასმის თემა პოზიტიურად გადაწყდა, ეს, რა თქმა უნდა, გარკვეული შეღავათი იქნება, თუმცა ბანკს მაინც სხვა რისკები რჩება: ეს კონკრეტული პირი, ვისაც სააგენტომ პროექტი დაუმტკიცა, არის კი მართლა შესაბამისი კომპეტენციის?! სააგენტო ხომ ვერ გადაამოწმებს, მაგალითად, “კრედიტინფოში” ამ კლიენტის ისტორიას?! შეიძლება ადამიანს 3-4 წლის წინ გაფუჭებული საკრედიტო ისტორია აქვს, რასაც ბანკი სრულიად სხვანაირად უყურებს. გამოდის სიტუაცია: სააგენტომ კი დამიმტკიცა, მაგრამ ბანკი აღარ მაძლევს ამ ფულს - ესეც რეალური პრობლემაა. სწორედ ამიტომ არის დღესდღეობით განაცხადების რაოდენობა შედარებით ნაკლები”, - აღნიშნა ბექა გონაშვილმა “წერტილთან” ინტერვიუში.

რა ეტაპზეა სოფლის მეურნეობის სამინისტროს/სოფლის განვითარების სააგენტოსა და ბანკებს შორის მიმდინარე სამუშაო პროცესი და როდიდან შეიძლება ცვლილებები შევიდეს პროგრამაში, BMG შესაბამის უწყებებს მიმართავს და პასუხების მიღებისთანავე, მასალას განვაახლებთ.

წყარო: Bm.ge