ადგილობრივ ბაზარზე ახალი სწრაფი კვების ობიექტი Grill Stop-ი გამოჩნდება - ინვესტიცია 5 მლნ ლარი იქნება, - ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგოს" დირექტორმა გელა გელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აპრილის ბოლოს 4 ობიექტი გაიხსნება, ხოლო სრული პროექტის დასრულება ივნისის ბოლომდე მოხდება.
"პინგოს" შვილობილი კომპანია ახალ მიმართულებას იწყებს. ეს იქნება სწრაფი კვების ობიექტები, სადაც სხვა პროდუქტებთან ერთად "პინგოს" ჩამოსასხმელი ნაყინიც იქნება. მიმდინარე წელს ჯამში 10 ობიექტის გახსნა გვაქვს დაგეგმილი. თავდაპირველად, ობიექტები კახეთში გაიხსნება, ხოლო მოგვიანებით თბილისში. Grill Stop-ის ცენტრალური წარმოება გურჯაანშია, სადაც მომზადდება პურ-ფუნთუშეული, ნამცხვრები, ვაფლები, ბურგერი და ა.შ. გარდა ამისა, ობიექტებზე ყავის მიმართულებაც გვექნება", - აცხადებს გელა გელაშვილი.
კომპანიის დირექტორი მიმდინარე წელს "პინგოს" გაყიდვების 45%-იან ზრდა პროგნოზირებს. მისი თქმით, კომპანია 2025 წელს განსახორციელებელ პროექტებში 3 მლნ. ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს, რაც ასორტიმენტის ზრდას გულისხმობს.
ცნობისთვის, ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგო" ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. "პინგოს" 40-მდე დასახელების ნაყინის შეძენა როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებში არის შესაძლებელი.