კომპანია „ტილისკვერი“ ბაზარზე დაახლოებით ორი წელია ოპერირებს და მომხმარებელს ნატურალურ ხილზე დამზადებულ ტყლაპს სთავაზობს, როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი თამარ ქაჯაია აღნიშნავს პროდუქციას ძირითადად ონლაინ ყიდის, თუმცა მისი პროდუქცია „აგრომანიას“ და აეროპორტსაც მიაქვს გასაყიდად.
„მომხმარებლის დაინტერესება ჩემი პროდუქციის მიმართ საკმაოდ მაღალია, იციან რომ ნატურალურ პროდუქტს ვამზადებ და შესაბამისად მოთხოვნა ყოველთვის არის, პროდუქციას ძირითადად ონლაინ ვყიდი, თუმცა მაღაზიას „აგრომანია“ და აეროპორტს მიაქვს გასაყიდად, გარდა ამის სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრანტები მიკვეთავენ და საქართველოს ფოსტის მეშვეობით ვაგზავნი. რაც შეეხება ხილს, გლეხებისგან ვყიდულობ, ერთადერთი ლეღვი მაქვს დასავლეთში, ეზოში და სეზონზე ჩამომაქვს, თუმცა სამყოფი არ არის და ძირითად ნაწილს ვიძენ ხოლმე. სეზონურ ხილს ვყიდულობ და წინასწარ ვყინავ, რომ წყვეტა არ მქონდეს და მთელი სეზონის განმავლობაში მქონდეს არჩევანი. სეზონზე ვიმარაგებ ჟოლოს, მოცვს და ვყინავ“ - აღნიშნა თამარ ქაჯაიამ.
რაც შეხება საწყის ინვესტიციას, თამარ ქაჯაია ამბობს, რომ თავისი სახსრებით პატარა ღუმელში დაიწყო ტყლაპის დამზადება, შემდეგ კი უფრო დიდი აპარატი შეიძინა.
წელს „ტილისკვერმა“ „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსება მიიღო, რომელიც 30 000 ლარს შეადგენს, როგორც თამარ ქაჯაია აღნიშნავს, აღნიშნული თანხით საჭირო დანადგარები უკვე შეიძინა და წარმოების გაფართოებას გეგმავს.
კომპანია თბილისში ორხევის დასახლებაში მდებარეობს.