„პეისერა ბანკი“ პირველი ციფრული ბანკია საქართველოს ბაზარზე. მან ლიცენზია „ეროვნული ბანკისგან“ 2022 წლის 17 ნოემბერს მიიღო. 2024 წლის 12 იანვრის განკარგულებით კი „პეისერა ბანკი" სესხების გაცემისა და სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევის, კერძოდ, ურთიერთგადაცვლის უფლება მიენიჭა.

ციფრული ბანკის შექმნის იდეა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნის, რომელიც დღეს ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებს. როგორ ვითარდება ინოვაციური ბანკი? რა მიღწევები და გამოწვევები აქვს მას ბაზარზე გამოჩენიდან დღემდე? რა უპირატესობა განასხვავებს ციფრულ ბანკს სხვებისგან? ამ თემებზე ,,კომერსანტი“ „პეისერა ბანკის“ გენერალურ დირექტორს დიმიტრი ქუმსიშვილს ესაუბრა. 

- „პეისერა ბანკი“ არის პირველი ციფრული ბანკი ბაზარზე. როგორ იმკვიდრებს თავს ბანკი? როგორ მიიღო მომხმარებელმა სიახლე? 

- ბაზარზე დამკვიდრების პროცესი სტაბილურად, პოზიტიურად მიმდინარეობს. ინოვაციები, რომელსაც ბაზარზე ვნერგავთ შესაძლებლობას გვაძლევს მუდმივად კმაყოფილი მომხმარებელი გვყავდეს. ბანკის განვითარების ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია მოვიცვათ ევროპასთან  საქმიანი თუ პირადი ურთიერთობით დაკავშირებული, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები. თუმცა ჩვენი ანგარიშსწორების არხები ჩვენ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს გადარიცხვები და ჩარიცხვები აწარმოოს მსოფლიოს 20-ზე მეტ ვალუტაში, რაც იმპორტიორებისთვის და ექსპორტიორებისთვის  უნიკალური შესაძლებლობაა.

- რა არის „პეისერა ბანკის” კონკურენტული უპირატესობა საფინანსო ბაზარზე? რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი თქვენზე მომხმარებელმა?

- „პეისერა ბანკი" არის  ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელსაც შეუძლია მომხმარებელს როგორც ქართული, ასევე ევროპული ანგარიში (IBAN) გაუხსნას. აღნიშნული ევროპული ანგარიში ჩართულია “ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში” (SEPA), რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ევროში ანგარიშსწორება მოხდეს ისევე მარტივად და მყისიერად როგორც ლარში. ,,პეისერა ბანკის” ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებასთან ერთად, უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.

არ მინდა გამომრჩეს ჩვენი ვალუტის კონვერტაციის სისტემაც, რომელიც ასევე უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს ჩვენს მომხმარებელს: თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში მცირე და საშუალო ბრუნვის მქონე კომპანიებს და ფიზიკურ პირებს პრაქტიკულად არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ განსაკუთრებული კურსი, ჩვენ ბანკში აღნიშნულ სისტემურად არის გადაწყვეტილი. პირველი: თუ თქვენ ფიზიკური პირი ბრძანდებით, ემიგრანტი, ემიგრანტის ოჯახის წევრი ან უბრალოდ მოქალაქე, რომელსაც ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა სურს და ჩვენი ბანკის მომსახურებით სარგებლობთ, თქვენ გაქვთ გარანტირებულად საუკეთესო გაცვლითი კურსი, თვეში 500 ევროს ეკვივალენტის კონვერტაციის შემთხვევაში და ამისთვის თქვენ დამატებით ბანკთან კომუნიკაცია არ გჭირდებათ. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენ მცირე, საშუალო ან გინდაც დიდი ბიზნესს ფლობთ ან როგორც ფიზიკურ პირს მეტი ვალუტის კონვერტაცია გჭირდებათ დროის გარკვეულ პერიოდში, თქვენ ერთხელ ათანხმებთ თქვენს მოსალოდნელ კონვერტაციის მოცულობებს ბანკთან და ბანკი ავტომატურად ყოველი კონვერტაციის შემთხვევაში თქვენთვის საუკეთესო კურსით განახორციელებს ოპერაციებს.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ბაზარზე ჩვენ ყველაზე დიდი გამოცდილება გვაქვს ღია ბანკინგის ანგარიშსწორების ინსტრუმენტებში. აღნიშნული გამოცდილებაც ჩვენ ევროპიდან შემოვიტანეთ, ხოლო თვითონ ანგარიშსწორების სისწრაფე, მოხერხებულობა და ღირებულება მნიშვნელოვნად უკეთესია ვიდრე ბარათით ანგარიშსწორება, შესაბამისად ელ. კომერციის მფლობელებისთვის ჩვენი შეთავაზება ასევე ძალიან მიმზიდველია.

- თქვენი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ყველა ვალუტაში 5 პუნქტით უკეთესი კურსით კონვერტაციას. რას გულისხმობს ეს სერვისი? რა არის მისი მიზანი? ამ სერვისის გამო ბანკი ნაკლებ მოგებას ნახულობს?

- როგორც უკვე აღვნიშნე ქვეყანაში ბევრი ინოვაცია შემოვიტანეთ მათ შორის კონვერტაციის ნაწილში. არის კონვერტაციის მოცულობები, რომლის ფარგლებში ნებისმიერი მსურველი ბაზარზე საუკეთესო კურსს იღებს, დამატებით თუ თქვენ ერთხელ შეგვითანხმებთ თქვენს მოსალოდნელ ბრუნვებს, სისტემა ყოველ ჯერზე ავტომატურად თქვენთვის საუკეთესო კურსს მოგაწვდით. 5 პუნქტით უკეთესი კურსით კონვერტაციის შეთავაზებაც აღნიშნულს ემყარება, გამოგიტყდებით 5 პუნქტი მინიმუმია ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ გაცილებით მეტს დაზოგავთ.

- რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ საქართველოში საბანკო მომსახურება ძვირია და ბანკებს სასესხო პროდუქტების გაიაფების შესაძლებლობა აქვთ, რაში ხედავთ გამოსავალს და თქვენი აზრით, რატომ არ აკეთებენ ამას ბანკები?

- ამ ნაწილში ,,პეისერა ბანკი” კარგი მაგალითი ვართ, როდესაც 3-5-ჯერ უფრო იაფი სერვისები შევთავაზეთ ბაზარს და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სერვისების შეთავაზება ნებისმიერ ბანკს შეუძლია, რადგან მათი თვითღირებულება დაბალია. დღეს თუ ბაზარზე ბანკები მომხმარებელს იმ გადასახადებს ახდევინებენ, რაც ახლა არის, ეს იმის გამოა, რომ ბანკებს ამის შესაძლებლობა აქვთ და არა იმის გამო, რომ თვითღირებულება ამდენი ჯდება. მაგალითად, ჩვენთან ევროში გადარიცხვა 7 ევრო ღირს, როდესაც სხვა ბანკებში სტანდარტულად 20-დან 35 ევრომდე შეიძლება ვარირებდეს აღნიშნული ტრანზაქციის საკომისიო.

- როგორ აისახება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის საბანკო-საფინანსო სექტორზე, რა გზავნილია ეს ინვესტორებისთვის?

- პოლიტიკური მოვლენების განხილვაში არ შევალ, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებები. თუ სარეიტინგო სააგენტო საბანკო სექტორს პოზიტიურად აფასებს, ეს არა მხოლოდ ზრდის ნდობას ბანკების მიმართ, არამედ მთელ ეკონომიკას უგზავნის სტაბილურობის გზავნილს. ინვესტორებისთვის ეს არის სიგნალი, რომ ბაზარზე ოპერირება შედარებით ნაკლები რისკით შეიძლება.

ორი დიდი ბანკი გვყავს ლონდონის საფონდო ბირჟაზე, არჩევნების შემდეგ ერთის აქციის ფასმა 50%-ით ხოლო მეორეს 30%-ზე მეტით მოიმატა. ამ დღეებში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა, დეტალურად არ წამიკითხავს, მაგრამ შეფასება პოზიტიურია.

 

- ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ „დარწმუნებული ვართ, 2024 წელს მოგებით დავხურავთ“, თუმცა გასულ წელს „პეისერა ბანკი“ $1 მილიონიან ზარალზე გავიდა, რა ფაქტორებმა შეგიშალათ ხელი და რა მოლოდინები გაქვთ მიმდინარე წელს?

- ჩვენ ტექნოლიგიური კომპანია ვართ, საქართველოს ბაზარზე სტარტაპი. ხანდახან ხდება, რომ ახალი პროდუქტების დანერგვას მეტი დრო ჭირდება ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. იმედი მაქვს, რომ წელს ყველა დაგეგმილ პროდუქტს შევთავაზებთ მომხმარებელს და მომგებიანობაც შესაბამისი გვექნება. ნებისმიერ სტარტაპს დრო ჭირდება მომგებიანობაზე გასასვლელად, ბანკისთვის ალბათ ეს 5 წლიანი ჰორიზონტია.

    - თქვენი ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ჩინეთში გადარიცხვებს. ასევე, ჩინური იუანის კონვერტირებას. რამდენად დიდია მოთხოვნა ამ სერვისზე? როგორია ტენდენცია? იზრდება გადარიცხვებზე და ჩინურ ფულზე მოთხოვნა?

    - საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდ დოლარზე მეტია, ვისურვებდი მეტი ექსპორტი გვქონდეს ჩინეთში ვიდრე იმპორტი, თუმცა სავაჭრო ბრუნვიდან გამომდინარე ჩინეთის მიმართულებით გადარიცხვებზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია. ,,პეისერა ბანკი“ როგორ ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს სთავაზობს იუანისა და დოლარის გადარიცხვას ჩინეთში ფიქსირებული ტარიფით. ვინაიდან ჩვენი გადარიცხვის ტარიფი ბაზარზე საუკეთესოა, მოთხოვნაც შესაბამისად საკმაოდ მაღალია აღნიშნულ სერვისზე.

    - როგორია „პეისერა ბანკის“ უახლოესი და სამომავლო გეგმები?

    - მეტი ახალი ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება ბაზრისთვის, რაც მეტ კმაყოფილ მომხმარებელს მოგვიყვანს.