TBC Capital-ის შეფასებით, საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა დამოკიდებულია საომარი მოქმედებების ხანგრძლივობასა და მასშტაბზე.
საინვესტიციო ბანკში განმარტავენ, რომ თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, შესაძლოა, 2026 წელი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის უფრო პოზიტიური აღმოჩნდეს, ვიდრე ეს კონფლიქტამდე არსებულ საბაზისო სცენარში იყო გათვალისწინებული.
როგორც TBC Capital-ში აღნიშნავენ, ეს ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან პოტენციური მიგრაციით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც დადებითად იმოქმედებს უძრავი ქონების მოთხოვნაზე, როგორც გაქირავების, ისე გაყიდვების კუთხით.
„თუ კონფლიქტამდე პროგნოზი წელს ბინების გაყიდვების 1.4%-იანი ზრდა იყო 79 600 ბინამდე, კონფლიქტის მოკლევადიანი გადაწყვეტის შემთხვევაში ზრდის პროგნოზი 2%-ია - 80 100 ბინა.
კონფლიქტამდე საშუალო გასაყიდი ფასის წლიურად 2.6%-იანი ზრდა იყო, კვადრატულ მეტრზე 1 317 დოლარამდე, კონფლიქტის მოკლევადიანი გადაწყვეტის შემთხვევაში კი ფასის 3.2%-იანი ზრდაა პროგნოზირებული (1 325 დოლარი კვ.მ-ზე).
იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი გახანგრძლივდება და რეგიონში რისკები გაიზრდება, კონფლიქტის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის შესაძლოა უარყოფითი აღმოჩნდეს. ხანგრძლივ პერიოდში გაურკვევლობა მომხმარებლის მოლოდინებზე უარყოფითად მოქმედებს, რაც ზეწოლას მოახდენს როგორც ბინების გაყიდვებზე, ისე ფასების ზრდის ტემპზე. შედარებით ნეგატიურ სცენარში, ეს შესაძლოა ტრანზაქციების მოცულობისა და ბინების გასაყიდი ფასების შემცირებაშიც აისახოს",- აღნიშნულია შეფასებაში.
