შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ 2022 წლის შემოსავალი 27.3 მილიონი ლარით, 172.7 მილიონამდე გაზარდა, წმინდა მოგება, კი 1.5 მილიონი ლარით 12 მილიონი ლარამდე შემცირდა.

ონლაინ-კაზინოების სერვისების პროვაიდერი კომპანიის ანგარიშის თანახმად, მან მნიშვნელოვნად გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, 2021 წელს კომპანია 6 ათას ადამიანს ასაქმებდა და ხელფასების სახით 93.6 მილიონი ლარი გასცა. 2022 წლის ბოლოს კი კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 7100 გაიზარდა, გაცემული ხელფასების მოცულობა კი 114.9 მილიონ ლარი შეადგინა. 

2022 წლისთვის კომპანია ლაივ ტრანსლაციას 597 მაგიდის მეშვეობით ახორციელებდა.

რაც შეეხება ორგანიზაციის აქტივებს, 2022 წელს 122 მლნ ლარს შეადგენდა. ვალდებულებების მოცულობა 2022 წლის ბოლოს 88 მილიონი ლარია, კაპიტალი კი 34 მლნ ლარამდე გაიზარდა.

კომპანიის უშუალო მფლობელია Evolution Malta Holding Limited LLC, რომელიც თავის მხრივ, შვედური კომპანია Evolution Gaming Group AB-ს შემადგენლობაში შედის. კომპანიის აქციები სტოკჰოლმის ბირჟაზე ივაჭრება და მისი გლობალური შემოსავალი 2022 წელს 1.45 მილიარდი ევრო იყო.

„ჯგუფი ქმნის სრულად ინტეგრირებულ ლაივ კაზინო გადაწყვეტებს აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის, ახორციელებს მის მარკეტინგს და გასცემს ლიცენზიებს. ის მონაწილეობს მხოლოდ განვითარებასა და შექმნაში, თვითონ არ ახორციელებს აზარტული თამაშების ოპერირებას.

კაზინოს მომსახურებების ლაივ სტრიმინგი ხორციელდება კომპანიის მიერ იჯარით აღებულ უძრავ ქონებაზე აშენებული სტუდიების მეშვეობით. კერძოდ, კომპანიის მიერ დაქირავებული თამაშების წარმდგენლები თამაშების („რულეტკა”, „ბლექჯეკი”, „პოკერი” და „ბაკარა”) პრეზენტაციას ახორციელებენ კომპანიის სტუდიებში დამონტაჟებული აზარტული თამაშების მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც ლაივ სტრიმინგით გადაიცემა Evolution Malta Ltd-ში,“ - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში. 

Evolution Gaming-ის შვილობილი კომპანია საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს. კომპანია საქართველოში არსებული სტუდიების მეშვეობით, უცხოურ, აზარტული თამაშების კომპანიებს ლაივ სტრიმინგის სერვისს სთავაზობს. „ევოლუშენი“ საქართველოდან აზარტული თამაშების წაყვანას 13 ენაზე ახორციელებს. კომპანიის პირდაპირი ეთერით და თამაშებით მსოფლიოს სხვადასხვა ონლიან-კაზინო სარგებლობს.