აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთანსატელეფონო საუბრის დროს ლიდერებმა უკრაინაზე „საკმაოდ მკაცრი სიტყვებით“ ისაუბრეს.
მისივე თქმით, აშშ უკრაინაში ფულს არა, თუმცა დიდ დროსა და ძალისხმევას ხარჯავს და ვაშინგტონი ახლა უკრაინისგან პასუხებს ელოდება.
„ველაპარაკეთ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, ისინი ძალიან კარგი ლიდერები და ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან. და ჩვენ უკრაინა საკმაოდ მკაცრი სიტყვებით განვიხილეთ. ჩვენ ვნახავთ, რა მოხდება. ჩვენ მათ პასუხებს ველოდებით, ვიდრე წინ წავიწევთ. იცით, ჩვენ უკრაინაში ფულს არ ვხარჯავთ. ჩვენ ძირითადად რაკეტებს და ყველაფერს ვყიდით ნატო-ს. ნატო კი გვიხდის და შემდეგ ანაწილებს, ვფიქრობ, ძირითადად უკრაინაზე, მაგრამ ჩვენ ფულს არ ვხარჯავთ. თუმცა, იცით, ჩვენ დიდ დროსა და ძალისხმევას ვხარჯავთ“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპელმა ლიდერებმა სთხოვეს ევროპაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრას ისიც დაესწროს.
„ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა რამდენიმე პატარა დავა ადამიანებთან დაკავშირებით და ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი. მათ სურთ, რომ შაბათ-კვირას ევროპაში შეხვედრას დავესწროთ. და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ რას შემოგვთავაზებენ. დროის ფუჭად კარგვა არ გვინდა. ზოგჯერ უნდა მისცე ხალხს ბრძოლის უფლება, ზოგჯერ კი არა. თუმცა, პრობლემა, როდესაც ხალხს ბრძოლის საშუალებას აძლევ, ის არის, რომ კვირაში ათასობით ადამიანს კარგავ. ეს სასაცილოა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში არჩევნები დიდი ხანია, არ ჩატარებულა და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „რეალისტი“ უნდა იყოს.
„ვფიქრობ, ის რეალისტი უნდა იყოს. და მე მაინტერესებს, კიდევ რამდენი დრო გავა არჩევნების ჩატარებამდე. დიახ, ეს დემოკრატიაა. არჩევნები დიდი ხანია, არ ჩატარებულა. ბევრ ადამიანს კარგავენ. ვკითხულობ, როდის ჩაატარებენ არჩევნებს უკრაინაში? მე არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ იქ კორუფცია მართლაც ფართოდ არის გავრცელებული. ხალხი კითხულობს: როდის ჩატარდება არჩევნები? ჩაატარებენ თუ არა არჩევნებს, თუ უბრალოდ ასე გააგრძელებენ? ამიტომ, ვფიქრობ, რომ დროა, ეს ომი დასრულდეს. და ვფიქრობ, ეს არის ომი, რომლის დასრულებაც შეიძლება, მაგრამ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო,“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას.
1tv.ge