Social Media Today-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ს (ყოფილ Twitter-s) ამჟამად ევროკავშირში ყოველთვიურად 94.8 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რაც, წინა ანგარიშთან შედარებით. დაახლოებით, 11 მლნ მომხმარებლით ნაკლებია.

2022 წელს, ვიდრე მასკი Twitter-ს შეიძენდა, სოციალურ ქსელს ევროპაში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

ევროკავშირის ციფრული სერვისების შესახებ კანონის (DSA) თანახმად, ტექნოლოგიური კომპანიები ვალდებული არიან, კონტენტის მოდერაციის ანგარიში რეგულარულად გამოაქვეყნონ და შიდა მეტრიკები, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების რაოდენობა გაასაჯაროონ.

2024 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის მარტამდე პერიოდის შესახებ DSA-ს ანგარიშში, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა, X-მა, 2024 წლის აპრილ-სექტემბრის პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობის 10.5%-ზე მეტი კლება დააფიქსირა.

2024 წლის ოქტომბრიდან წლევანდელ მარტამდე ყველაზე მეტი მომხმარებელი X-მა შემდეგ ქვეყნებში დაკარგა:

  • საფრანგეთი - მინუს 2.7 მილიონი, რის შედეგადაც მთლიანი რაოდენობა 20.1 მილიონიდან 17.4 მლნ მომხმარებლამდე შემცირდა
  • პოლონეთი - მინუს 2 მილიონამდე
  • გერმანია - მინუს 1.5 მილიონი
  • ესპანეთი - მინუს 1 მილიონზე მეტი
  • ლუქსემბურგი და ლიეტუვა - მთლიანი რაოდენობის მეოთხედი

Mashable-ის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-თან ბოლოდროინდელი შერწყმის მიუხედავად, სოციალური ქსელი პოპულარობას კარგავს. ტრაფიკის მოკლევადიანი ზრდა მხოლოდ 2024 წლის ნოემბერში, აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ შეინიშნებოდა, როცა რეკლამის ზოგიერთი განმთავსებელი, მათ შორის, Apple პლატფორმას დაუბრუნდა. თუმცა ანალიტიკოსები მაშინ ინვესტორებს აფრთხილებდნენ, რომ ეს დროებითი ეფექტი იყო და პლატფორმა აუდიტორიას კვლავ დაკარგავდა.

2024 წლის სექტემბერში Financial Times წერდა, რომ სოციალურმა ქსელმა აშშ-ში ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების, თითქმის, მეხუთედი, ხოლო დიდ ბრიტანეთში მესამედი დაკარგა.

ცნობისთვის: 2022 წელს ილონ მასკმა Twitter 44 მლრდ დოლარად შეიძინა და კომპანიის მმართველი გახდა. მასკის მიერ შეძენის შემდეგ ყოფილი Twitter-ის საბაზრო ღირებულება რამდენჯერმე დაეცა. მაგალითად, 2024 წლის დეკემბერში კომპანიის კაპიტალიზაცია მხოლოდ 12.3 მლრდ დოლარს შეადგენდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი