აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში დონალდ ტრამპის მეტოქემ, კამალა ჰარისმა დამარცხების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა.

მისი თქმით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ქმედებები ქვეყანას ცენზურითა და რეცესიით ემუქრება.

ჰარისის განცხადებით, ტრამპის სატარიფო პოლიტიკა არის „უდიდესი ხელოვნური ეკონომიკური კრიზისი“.

„ზოგიერთი ადამიანი აღწერს იმას, რაც ბოლო თვეებში ხდებოდა, როგორც აბსოლუტურ ქაოსს. რა თქმა უნდა, მესმის, რატომაც. ეს უდავოდ ეხება ამ ტარიფებს. ტარიფები, რომლებიც, როგორც მე ვიწინასწარმეტყველე, აშკარად იწვევს რეცესიას“, – თქვა ჰარისმა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მიესალმა ამერიკელებს, რომლებიც ღიად გამოდიან ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, გაზრდის ამერიკელების ყოველდღიურ ხარჯებს, გავლენას მოახდენს საპენსიო ანგარიშებზე და მცირე ბიზნესზე.

არჩევნებში დამარცხების შემდეგ ჰარისის პირველი გამოსვლა გაიმართა სან ფრანცისკოში, ორგანიზაცია Emerge America-ს გალაღონისძიებაზე, რომელიც ეხმარება ქალებს პოლიტიკური კარიერის განვითარებაში.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპის საპრეზიდენტო პროგრამა დაახასიათა, როგორც „ამერიკის ვიწრო, ეგოისტური ხედვა, როდესაც ტრამპის გუნდი სჯის მათ, ვინც სიმართლეს ამბობს; მხარს უჭერენ მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულების მქონე პირებს, პირად სარგებელს იღებენ ძალაუფლებისგან და ყველაფერ დანარჩენს ბედის ანაბარად ტოვებენ“.

მისი თქმით, აშშ-ში მოქმედი შეკავებისა და ხელისუფლების შტოთა ბალანსის სისტემა თუ დაიშლება, ქვეყანა კონსტიტუციური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.

„ეს არის კრიზისი, რომელიც საბოლოოდ ყველას შეეხება, რადგან ეს ნიშნავს, რომ წესები, რომლებიც იცავს ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული ჩვენგანის ხმის უფლებას, იმას, თუ როგორ მუშაობს ჩვენი მთავრობა, აღარ იქნება მნიშვნელოვანი“, – თქვა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მას შემდეგ, რაც დემოკრატების ადმინისტრაციამ დატოვა თეთრი სახლი, კამალა ჰარისი იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. მისი თქმით, სან ფრანცისკოში სიტყვით გამოსვლა შთააგონეს ამერიკელებმა, რომლებიც თამამად უპირისპირდებიან ტრამპის ქმედებებს, და მოსამართლეებმა, რომლებიც კვლავ უჭერენ მხარს კანონის უზენაესობას ქვეყანაში.

„სავარაუდოდ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესებას დაიწყებს. მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ჰარისმა.

1tv.ge