"ჯეოქეისის“ მრჩეველი ნიკოლოზ ალავიძე მიიჩნევს, რომ ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება თეორიულად, საქართველოსთვის დიდი შესაძლებლობაა.

საქმე ისაა, რომ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფანი შესაძლოა შუა დერეფნის ალტერნატივად მოგვევლინოს. მეზობელი სახელმწიფოები ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილავენ ზანგეზურის დერეფნის გააქტიურებას.

"საქმიან დილაში" საკითხის შეფასებისას ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია, გაზრდილი კონკურენცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

"[ზანგეზურის დერეფანი] ძალიან დიდი ინტერესის სფეროა აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის, იმ ვიწრო რეგიონს რომ შევხედოთ, სადაც ჩვენც ვართ. იმ განვითარებით და მიმართულებით, რომელშიც ვიმყოფებით და მძიმდება ჩვენი მდგომარეობა ეკონომიკური დამოუკიდებლობის და პარტნიორებთან დაშორების თვალსაზრისით, ჩვენ თეორიულად დავკარგავთ ამ დიდ თამაშში ჩვენს ადგილს. თუმცა, თეორიულად, ეს ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. პოზიტიური დაშვება რომ გავაკეთოთ, რომ მოლაპარაკება სწრაფად დასრულდა და ინფრასტრუქტურულადაც ეს კორიდორი ამოქმედდა, ეს გარდა იმისა, რომ რისკების დაზღვევის საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, იძლევა ასევე იმის საშუალებას, რომ კონკურენტული შეთავაზებების ნაწილში თავი წარმოიჩინოს უკვე არსებულმა, დამკვიდრებულმა სატრანზიტო ქვეყანამ - საქართველომ, თუ ამ შესაძლებლობის ობიექტურად შეფასებას შევძლებთ. თეორიულად, ამ გზის ფუნქციონირების დაწყება მყისიერად ნეგატიური ეფექტის მომტანი იქნება განსაკუთრებით სარკინიგზო გადაზიდვებისთვის იმიტომ, რომ ეს იაფ ალტერნატივას ქმნის, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ სტატიკური მდგომარეობით გავაგრძელებთ",- ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

bm.ge