რუსეთის უმსხვილესმა ონლაინ-მარკეტპლეისმა Wildberries-მა ყაზახეთში სასაწყობო ფართების მოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ლოგისტიკურ ცენტრს დაარტყეს. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტს“ უძრავი ქონების ბაზრის ოთხმა წყარომ განუცხადა.
წყაროების ინფორმაციით, კომპანია დაახლოებით 100 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის საწყობებს ეძებს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, Wildberries მზად არის ყაზახეთში არსებული ყველა ხელმისაწვდომი სასაწყობო სივრცე აითვისოს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ამ ნაბიჯით კომპანია ცდილობს საკუთარი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი უკრაინული დრონების შესაძლო თავდასხმებისგან დაიცვას.
თუმცა, ყაზახეთში შესაბამისი ფართების მოძიება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. NF Group-ის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს ქვეყანაში ხარისხიანი ლოგისტიკური ფართების მოცულობა 1.9 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენდა, საიდანაც თავისუფალი მხოლოდ 5.8% იყო.
IBC Global-ის მმართველი პარტნიორის, სტანისლავ ახმეჯიანოვის განცხადებით, ყაზახეთის ბაზარზე ერთიანი 100 ათასი კვადრატული მეტრის მოცულობის სასაწყობე კომპლექსი პრაქტიკულად არ არსებობს. 2026 წლის ივნისის ბოლოსთვის ქვეყანაში დაახლოებით 130 ათასი კვადრატული მეტრი თავისუფალი ფართი იყო, თუმცა ისინი სხვადასხვა ქალაქში იყო განაწილებული.
ყაზახეთში საწყობების საშუალო იჯარის ფასი თვეში 1 კვადრატულ მეტრზე 5.18 ათას ტენგეს შეადგენდა, რაც დაახლოებით 10.3 ათას რუბლს უტოლდება წელიწადში. NF Group-ის შეფასებით, ეს მაჩვენებელი მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ფასებს შეესაბამება, სადაც წლიური იჯარა დაახლოებით 10.5 ათასი რუბლია კვადრატულ მეტრზე.
ამასთან, „კომერსანტის“ წყაროების ცნობით, Wildberries რუსეთშიც განიხილავს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოების შესაძლებლობას. თუმცა, რუსეთის თავისუფალი საწყობების მფლობელები ახალი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებას ერიდებიან, რადგან დრონების თავდასხმების რისკი გაიზარდა.
მანამდე Wildberries-ში აცხადებდნენ, რომ საწყობების სტანდარტული სადაზღვევო პოლისები დრონების დარტყმით გამოწვეულ ზარალს არ ფარავს.
კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ Wildberries გეგმურად აგრძელებს ლოგისტიკური ობიექტების მშენებლობას იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს. კერძოდ, ყაზახეთში კომპანია ალმათიში 100 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ცენტრს აშენებს, ხოლო ასტანაში — 160 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ობიექტს.
კომპანიაში განმარტეს, რომ ამ ეტაპზე მათი მთავარი ამოცანაა საქონლის სხვადასხვა საწყობებს შორის გადანაწილება, რათა გაიზარდოს ბრუნვის ეფექტიანობა და პარტნიორების ეკონომიკური მდგრადობა.