სასმელების მწარმოებელმა კომპანია „კოკა-კოლამ“ 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის დროს წყლის შესვენებებზე მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მიიღო, – წერს Reuters.

სამშაბათს, კომპანიამ განაცხადა, რომ მეორე კვარტალში შემოსავალი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და 13.37 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების 13.16 მილიარდი დოლარის პროგნოზს აღემატება, LSEG-ის მონაცემებით. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Coca-Cola-ს აქციების ფასი ერთ დღეში 7%-ით რეკორდულ  90.13 დოლარამდე გაიზარდა, რაც  კომპანიის საუკეთესო მაჩვენებელია 2009 წლის ივნისის შემდეგ. „დარწმუნებული არ ვარ, წყლის მიღების შესვენებები ფეხბურთის სამყაროს მუდმივი მახასიათებელი გახდება თუ არა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მათით საკმაოდ კმაყოფილები ვიყავით“, - განუცხადა Reuters–ს „კოკა-კოლას“ ფინანსურმა დირექტორმა ჯონ მერფიმ. 

მისი თქმით, დამატებითი წყლის შესვენებები, რომლებიც მატჩებს ოთხ სეგმენტად ყოფდა, განსაკუთრებით სასარგებლო იყო სპორტული სასმელების ბრენდის Powerade-ის გაყიდვების გაზრდისთვის. ამავდროულად, მათ შექმნეს დამატებითი სარეკლამო შესაძლებლობები ბრენდებისთვის და შემოსავალი გაუზარდეს მაუწყებლებს, კერძოდ Fox-ს.

წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ყველა 104 მატჩში შემოღებულ იქნა სავალდებულო სამწუთიანი „ჰიდრატაციის“ შესვენებები თითოეული ტაიმის შუაში. ფიფამ ოფიციალურად ახსნა ეს გადაწყვეტილება  ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც გამოწვეული იყო შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში მოსალოდნელი მაღალი სიცხით. სავარაუდოდ, ამ ნაბიჯზე გავლენა იქონია ბოლო დროს გამართულმა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც ფეხბურთელები თავბრუსხვევას და უკიდურესი სიცხის გამო საშიშ მდგომარეობაზე ჩიოდნენ.

წინა ტურნირებისგან განსხვავებით, სადაც სასმელის შესვენებები მსაჯის შეხედულებისამებრ ან გარკვეული ტემპერატურის მიღწევისას ცხადდებოდა, ახლა ისინი სავალდებულო გახდა ყველა თამაშისთვის, რათა ტურნირზე თანაბარი სათამაშო პირობები იყოს უზრუნველყოფილი. თუმცა, ინოვაციამ კრიტიკა გამოიწვია, რადგან შესვენებები დაწესდა დახურულ, ტემპერატურის კონტროლირებად სტადიონებზე მატჩების დროსაც კი.

ვრცლად liga.net – ზე