3 თებერვალს, Walmart-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ის საცალო ვაჭრობის მიმართულებით პირველი კომპანიაა, რომელმაც აღნიშნული ნიშნული გადაკვეთა. შედეგად, Walmart-ი შეუერთდა კომპანიების ექსკლუზიურ კლუბს, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციით 13-ნიშნა შეფასებას მიაღწეს. ეს კლუბი, ძირითადად, ტექნოლოგიური გიგანტებისგან არის დაკომპლექტებული, როგორიცაა: Nvidia, Amazon-ი, Alphabet-ი, Microsoft-ი და Meta.

მსოფლიოს უდიდესი საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი აღმოსავლეთის სტანდარტული დროით დღის 12 საათისთვის 2.5%-ით გაიზარდა და აქციაზე პიკურ ღირებულებას, 126 დოლარს მიაღწია. ამჟამად Walmart-ის ერთი აქციის ფასი 127 დოლარს აჭარბებს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.012 ტრილიონს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის $1 ტრილიონს, Walmart-ის ჩათვლით, საჯაროდ დალისტული 12 კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია აჭარბებს. მათ შორის კი ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nvidia ლიდერობს, რომლის ღირებულებაც $4.363 ტრილიონს შეადგენს. მეორე ადგილზე $4.122-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ია. სამეულს iPhone-ის მწარმოებელი Apple-ი ასრულებს, რომლის ღირებულებაც $3.965 ტრილიონს უტოლდება.

საცალო ვაჭრობის გიგანტმა $1-ტრილიონიან შეფასებას ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-100-ზე გადასვლიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მიაღწია და სულ რაღაც ორი დღის შემდეგ – რაც ჯონ ფერნერმა კომპანიის CEO-ს პოსტზე დაგ მაკმილონი შეცვალა.

ვრცლად forbes.ge - ზე