სანამ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გადარჩენილი ლიდერები ისე არიან მომწყვდეულები, როგორც ვირთხები, რომლებიც კანალიზაციის მილებში იხრჩობიან, ირანის ნავთობის ინდუსტრია, ამერიკული ბლოკადის წყალობით, წარმოების შეჩერებას იწყებს, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი განცხადებით, ირანში ნავთობის წარმოება მალე ჩამოიშლება.
„ნავთობის ამოტუმბვა მალე ჩამოიშლება. შემდეგი: ირანში ბენზინის დეფიციტი!“- წერს ბესენტი.
ამასთან, სკოტ ბესენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში დაწერა, რომ ის კომპანიები, რომლებიც სანქცირებულ ირანულ ავიაკომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებენ, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების რისკის წინაშე აღმოჩნდებიან.
„უცხო ქვეყნის მთავრობებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ იურისდიქციაში მყოფმა კომპანიებმა არ უზრუნველყონ ამ თვითმფრინავების მომსახურება, მათ შორის, რეაქტიული საწვავის, კვების, დაშვების საფასურის ან ტექნიკური მომსახურების მიწოდება. „ეკონომიკური მრისხანების ფარგლებში“, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო მაქსიმალურ ზეწოლას მოახდენს ირანზე და უყოყმანოდ იმოქმედებს ნებისმიერი მესამე მხარის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უწყობს ან აწარმოებს ბიზნესს ირანულ სუბიექტებთან“, - წერს ბესენტი.