უზბეკეთის ხელისუფლება განახლებული ლათინური ანბანის დანერგვისთვის ემზადება. ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის დადგენილების პროექტი საჯარო განხილვისთვის გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა სფეროში ახალ ანბანზე ეტაპობრივი გადასვლის წესი და ვადებია გაწერილი. საზოგადოებრივი განხილვა 6 დეკემბრამდე გაგრძელდება. საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც პრეზიდენტმა შავკათ მირზიოევმა 2026 წლის 21 ოქტომბერს მოაწერა ხელი, ძალაში 2027 წლის 22 აპრილს შევა.
რეფორმის ფარგლებში უზბეკური ანბანის ოთხი ასოსა და ასოთა კომბინაციის დაწერილობა იცვლება: O‘ ჩანაცვლდება Ö-ით, G‘ — Ğ-ით, Sh — Ş-ით, ხოლო Ch — Ç-ით. განახლებული ანბანი 28 ასოსა და ერთ სპეციალურ ნიშანს მოიცავს. ცვლილებები შეეხება ოფიციალურ დოკუმენტებსაც — ახალი წესით გაიცემა პირადობის მოწმობები, საერთაშორისო პასპორტები, მართვის მოწმობები და ავტომობილების სარეგისტრაციო დოკუმენტები. ამასთან, ძველი ანბანით უკვე გაცემული დოკუმენტები იურიდიულ ძალას შეინარჩუნებს და მოქალაქეებს მათი მხოლოდ ახალი ანბანის გამო შეცვლა არ მოუწევთ.
რეფორმა განათლების სისტემასაც მოიცავს. დაგეგმილია სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების ეტაპობრივი განახლება 2027-2031 წლებში. პირველკლასელები ახალ ანბანს 2027-2028 სასწავლო წლიდან გამოიყენებენ, ხოლო მომდევნო წლებში ცვლილებები სხვა კლასებზეც გავრცელდება. პარალელურად, ახალი ანბანის გამოყენებასთან ადაპტირდება სახელმწიფო უწყებების საინფორმაციო სისტემები, საბანკო აპლიკაციები, ონლაინ სავაჭრო პლატფორმები და ციფრული სერვისები.
ცვლილებები ბიზნესსაც შეეხება. პროდუქციის შეფუთვასა და ეტიკეტებზე ძველი და ახალი ანბანის გამოყენება გარდამავალ პერიოდში, 2028 წლის 22 აპრილამდე იქნება დაშვებული. ამ თარიღიდან ახალი შეკვეთით დასაბეჭდ შეფუთვაზე განახლებული ანბანი უნდა გამოიყენონ, თუმცა ძველი წესით უკვე დაბეჭდილი შეფუთვის გამოყენება 2029 წლის 22 აპრილამდე იქნება შესაძლებელი. ძველი მარკირებით წარმოებული პროდუქციის გაყიდვა კი ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე დაიშვება.
ხელისუფლების პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ ახალი ანბანის დანერგვის სამოქმედო გეგმების შემუშავებასაც. ამასთან, ცვლილება არ მოითხოვს დომენური სახელების, ელექტრონული ფოსტის მისამართების, მომხმარებლის სახელების, ანგარიშებისა და ხელშეკრულებების ნომრების შეცვლას. საბოლოო წესი შესაძლოა საჯარო განხილვის შემდეგ შეიცვალოს.