უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრი ტიბორ ნავრაჩიჩი აცხადებს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ჯგუფების გამჭვირვალობის კანონპროექტი არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკური დევნისთვის და უნდა შეიცავდეს გარანტიებს. კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრა უნგრეთის პარლამენტში ივნისის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ შემოდგომის სესიისთვის გადაიდო.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიამ, „ფიდესმა“ 14 მაისს წარუდგინა პარლამენტს. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ ორგანიზაციების სიის შედგენას, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და მათ შეზღუდვას ან დახურვას იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება, რომ ისინი უნგრეთის სუვერენიტეტსა და კულტურას საფრთხეს უქმნიან.

უნგრეთის რეგიონული განვითარების მინისტრი ამბობს, რომ მხარს უჭერს კანონმდებლობის თავდაპირველ მიზანს – იმ ჯგუფების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რომლებიც საზოგადოებრივ დისკურსზე გავლენას ახდენენ, თუმცა ეწინააღმდეგება პროექტის ზოგიერთ დებულებას.

„თუ ჩვენ ორგანიზაციების სია უნდა შევადგინოთ, ის უნდა იყოს მაქსიმალურად კონკრეტული ან უნდა იყოს უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა“, – განაცხადა ნავრაჩიჩმა, რომელიც ასევე უნგრეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრია და იკავებდა განათლების საკითხში ევროკომისრის პოსტს.

კანონპროექტს მწვავედ აკრიტიკებენ უნგრეთის მედიასაშუალებები, ანალიტიკური ცენტრები და უფლებადამცველი ჯგუფები.

გუშინ გამოქვეყნებულ წერილში კი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მოუწოდა უნგრეთის პარლამენტის წევრებს, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს ან ცვლილებები შეიტანონ მასში.

პირველი არხი