ევროპის სამეფო ოჯახებში კრიზისია და ამის მიზეზი მხოლოდ ეპშტეინის სკანდალი არ არის. ექსპერტების აზრით, სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ მონარქიების გაუქმების მომხრეები უმრავლესობაში მაინც არ არიან. თუმცა, სამეფო ოჯახის წევრებს, შესაძლოა, პრივილეგიებზე უარის თქმა მოუწიოთ.

ინგლისის ისტორიის მცოდნეებს უნდა ვკითხოთ: ექს-პრინც ენდრიუს გარშემო ატეხილი სკანდალი რას შეიძლება შევადაროთ - ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯასა და 1649 წელს მონარქიის დროებით გაუქმებას, თუ ედუარდ VIII-ის ამერიკელი საყვარლის, უოლის სიმპსონის გამო 1936 წელს მის გადადგომას და ამით გამოწვეულ საკონსტიტუციო კრიზისს?

ეპშტეინის საქმე: ბრიტანელი ექს-მინისტრი დროებით დააკავეს (გერმანულ ენაზე)In German

კიდევ რამდენ სკანდალს გაუძლებს ბრიტანეთის სამეფო ოჯახი?

„გარდიანის“ ექსპერტი მონარქიის საკითხებში, სტივენ ბეითსი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის საქმე ახლა უფრო ცუდად არის და მონარქიის ინსტიტუტი გაცილებით მეტადაა შერყეული, ვიდრე 1997 წელს პრინცესა დიანას შემთხვევითი სიკვდილის შემდეგ იყო. ამის საილუსტრაციოდ, ბეითსი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საგანგაშო შედეგებს იშველიებს და ორაზროვან დასკვნამდე მიდის: „ხალხი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, ჯერ კიდევ აფასებს პომპეზურობასა და სანახაობას, მაგრამ კიდევ ერთი სერიოზული სკანდალი სამეფო ოჯახს დასასრულთან მიაახლოებს“.

გაუგონარი რამ ხდება: „ობსერვერის“ მიმომხილველი, უილ ჰატონი უკვე ოცნებობს ისეთ ინგლისზე, სადაც „წარმატება და კეთილდღეობა საკუთარი მიღწევების მიხედვით დაფასდება და არა წარმომავლობითა და კავშირებით“: „შეგიძლიათ მეოცნებე მიწოდოთ, მაგრამ ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ“.

სამეფო ოჯახების კრიზისი ლონდონში, ოსლოში, ბრიუსელსა და მადრიდში

ჰატონის მტკიცებით, კრიზისში ყოფნის მიუხედავად, ევროპული მონარქიები „სიცოცხლისუნარიანები“ არიან: ესპანეთის სამეფო კარმა გადააგორა მეფე ხუან კარლოს I-ის გარშემო ატეხილი სკანდალი, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ეხებოდა ქორწინებისგარეშე კავშირებს, აფრიკაში სპილოებზე სკანდალურ ნადირობასა და ფინანსურ სკანდალს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „მონარქიებს ღრმა ფესვები აქვთ“.

მაგრამ საკმარისია თუ არა ეს იმისათვის, რომ მათ ამჟამინდელ სტრეს-ტესტებს გაუძლონ? ახლა ლონდონში ყველა უკვე ტიტულის არმქონე ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორის ეპშტეინის სკანდალში მონაწილეობაზე ლაპარაკობს; ნორვეგიაში კი განიცდიან, რომ გვირგვინოსანი პრინცესა მეტე-მარიტის უფროსი ვაჟი თავდასხმისა და სხვა ბრალდებების გამოა გასამართლებული, ასევე წუხან, რომ მეტე-მარიტი წლების განმავლობაში ცვლიდა „ძალიან პირადულ ელექტრონულ წერილებს“ ჯეფრი ეპშტეინთან.

ბელგიის პრინცმა ლორანმაც აღიარა, რომ „ზედაპირული კონტაქტების“ ფარგლებში, ორჯერ შეხვდა ეპშტეინს. ამ აღიარებამ საზოგადოებაში აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია, ისევე როგორც კრიზისის მართვის მისმა სტრატეგიამ.

ესპანეთში ხუან კარლოს I-ის საქმეები ცუდად აისახება მისი ვაჟისა და ამჟამინდელი მეფის, ფელიპე VI-ის რეპუტაციაზე. სულ ახლახან იურიდიულმა ექსპერტებმა მოუწოდეს მას, ოფიციალურად თქვას უარი კონსტიტუციით გარანტირებულ იმუნიტეტზე, რათა უარეს შემთხვევაში, მისი სისხლისსამართლებრივი დევნა გახდეს შესაძლებელი.

ფართო კონსენსუსის მიღწევა რთულია

„ამ კრიზისული სიტუაციების კონტროლქვეშ მოქცევის ერთადერთი გზა სამეფო ოჯახის ცალკეული წევრების მონარქიის ინსტიტუტიდან ჩამოშორებაა“, - ასეთ რჩევას იძლევა ჰოლანდიური არისტოკრატიის ექსპერტი, ისტორიკოსი ჟერარ აალდერსი ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა, მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ მონარქიის გაუქმების მომხრეები უმრავლესობაში არიან: „ამას დასჭირდება ფართო კონსენსუსი, რომლის მიღწევაც ძალიან რთულია“.

თუმცა, ევროპის ისტორიისთვის თვალის გადავლება გვიჩვენებს - მონარქიები იშვიათად „უქმნდება“ უმრავლესობის გადაწყვეტილებით. პორტუგალიაში მეფე ჯერ კიდევ 1910 წელს „ჩამოაგდეს“, რუსეთში, ავსტრია-უნგრეთსა და გერმანიაში კი მონარქიები პირველ მსოფლიო ომში დამარცხებისა და რევოლუციების შემდეგ დაემხო.

უახლეს ისტორიაში, მმართველობის ფორმის შესახებ რეფერენდუმები მხოლოდ იტალიასა და საბერძნეთში ჩატარდა. იტალიის ბოლო მეფე, უმბერტო II იძულებული გახდა გადამდგარიყო 1946 წლის 2 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, სადაც მისმა მოწინააღმდეგეებმა ხმათა დაახლოებით 55 პროცენტი მიიღეს. საბერძნეთში კი 1974 წლის დეკემბერში ამომრჩეველთა დაახლოებით 70-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი რესპუბლიკურ მმართველობას.

გარდაუვალია თუ არა გადასახადების გადახდა?

საკითხავია, მოიპოვებს თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტი უფრო მეტ ნდობას კრიზისებით მოცული მონარქიების მხარდამჭერ მოსახლეობაში. უფრო სავარაუდო ის არის, რომ სკანდალების შემდეგ სამეფო ოჯახებს პრივილეგიები ჩამოერთმევათ.

ხშირად ტარდება დებატები იმის შესახებ, თუ რა მოცულობით უნდა იხადონ გადასახადები გვირგვინოსანმა პერსონებმა. 1993 წლიდან დედოფალი „ნებაყოფლობით“ იხდიდა საშემოსავლო და კაპიტალის მოგების გადასახადს, მაგრამ მისი მემკვიდრეობა ჩარლზ III-ს, სპეციალური შეთანხმების საფუძველზე, გადასახადების გადახდის გარეშე გადაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიის მეფე ვილემ-ალექსანდერი წელიწადში დაახლოებით ერთ მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაშიც გადასახადებს არ იხდის, ამას კი ყველა როდი იწონებს.

წყარო: 1 არხი