თავდაცვის უკრაინული კომპანია Fire Point-ის ხელმძღვანელმა ირინა ტერეხმა პოლონეთში გამართულ გამოფენა MSPO 2026-ზე განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტა FP-7 რამდენიმე კვირაში საბრძოლო გამოცდას დაიწყებს.

ტერეხის თქმით, FP-7-მა გამოცდის სამი ეტაპიდან ორი წარმატებით გაიარა და ახლა მიმდინარეობს სამხედრო გამოცდისთვის მზადება.

"ვვარაუდობთ, რომ ეს იარაღი ძალიან მალე იქნება საბრძოლო გამოყენებისთვის მზად. საუბარია კვირებზე და არა – თვეებზე ან უფრო ხანგრძლივ პერიოდზე." – განმარტა ტერეხმა.

მანვე დაამატა, რომ პირველ ეტაპზე რაკეტის თითოეული სისტემა და ქვესისტემა, მათ შორის, ძრავა და სანავიგაციო მოწყობილობები, მიწაზე და ლაბორატორიაში მოწმდება. მეორე ეტაპი უკრაინაში საფრენოსნო გამოცდებს მოიცავს, მესამე კი სამხედრო გამოცდაა, რომელიც იარაღის კოდიფიკაციისა და უკრაინის თავდაცვის ძალებში დაშვების პროცესის ნაწილია.

Fire Point-ის მონაცემებით, FP-7-ის მოქმედების მანძილი 300 კილომეტრია. კომპანიამ FP-7 უფრო შორი მოქმედების FP-9-თან ერთად წარადგინა, რომლის სავარაუდო მოქმედების მანძილიც 855 კილომეტრია.

ტერეხის თქმით, FP-9 ამჟამად საფრენოსნო გამოცდას გადის, თუმცა, მისი დიდი მოქმედების მანძილის გამო რაკეტის სრულფასოვნად გამოსაცდელად უკრაინის ტერიტორიაზე საკმარისი სივრცე არ არის, ამიტომ კომპანიამ შესაძლოა, მისი გამოცდა პირდაპირ რუსეთის ძალების წინააღმდეგ დაიწყოს.

"უკრაინაში მისი სათანადოდ გამოსაცდელად საკმარისი სივრცე არ არის. შესაძლოა, გამოცდის დაწყება პირდაპირ მტრის წინააღმდეგ მოგვიწიოს." – განაცხადა ტერეხმა.