სამედიცინო დაწესებულებებში მინიმალური ანაზღაურების დარღვევების გამოვლენილი შემთხვევები 13- ჯერ შემცირდა. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვაც დღეს პარლამენტში შედგება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მინიმალური საათობრივი ანაზღაურების საკითხის შემოწმების ნაწილში განხორციელდა 321 სამედიცინო დაწესებულების გეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგად მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დარღვევა 4 კლინიკაში გამოვლინდა, რაც წარმოადგენს შემოწმებული კლინიკების 1 %-ია.
ამასთან, 2023 წელს შემოწმებულ იქნა 249 კლინიკა, საიდანაც მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დარღვევა გამოვლინდა 32 კლინიკაში, რაც წარმოადგენს აღნიშნული ჯამური ოდენობის 13 %-ს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წელს ამბულატორიის კომპონენტიც დაემატა და გაიზარდა შემოწმებული კლინიკების ჯამური რაოდენობა, მინიმალური ანაზღაურების დარღვევის გამოვლენა 13- ჯერ შემცირდა, რაც, ანგარიშის თანახმად, გატარებული პოლიტიკის აღსრულების ეფექტურობაზე მიანიშნებს.
ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის მინიმალურ ანაზღაურებაზე რეფორმა 2023 წელს ამოქმედდა. პირველ ეტაპზე სახელფასო ზღვარი ექიმების და ექთნებისთვის დაწესდა. რეფორმის შედეგად ექიმები საათში მინიმუმ 7 ლარს, ექთნები 4, 40 ლარს იღებენ. უმცროსი ექიმისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში მინიმუმ 5 ლარს, ექთნის თანაშემწისთვის კი 3,5 ლარს შეადგენს. სანიტრებს საათში არანაკლებ 3 ლარი ერიცხებათ. ეს არის ქვედა ზღვარი,თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულების ანაზღაურება არსებულ ზღვარს არ აღემატება, თუმცა კლინიკებს არ აქვთ უფლება დასაქმებულს ამ ზღვარზე ნაკლები გადაუხადონ.
ერიცხება თუ არა სამედიცინო პერსონალს კანონით განსაზღვრული, მინიმალური ხელფასი, ამას შრომის ინსპექციის სამსახური წელიწადში ერთხელ ამოწმებს. იმ შემთხვევაში თუ რომელმე დასაქმებული განსაზღვრულზე ნაკლებ ანაზღაურებას აიღებს, მათ შეუძლიათ მიმართონ შრომის ინსპექციას.