უკრაინის პარლამენტმა ალექსანდრე კუბრაკოვი რეკონსტრუქციის საკითხებში ქვეყნის ვიცე-პრემიერის და უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი 272 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.

ცნობისთვის, 9 მაისს რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

თავად კუბრაკოვმა განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურსა და ფრაქცია „ხალხის მსახურს“ მასთან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ განუხილავთ. უკრაინულმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ორ ცალკეულ განყოფილებად გაყოფასა და კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.