უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რუსლან კრავჩენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (САП) გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ თაღლითური ქოლცენტრების მფარველობის საქმის გამოძიების დეტალები გამოაქვეყნა.

კრავჩენკოს თქმით, მისი გადადგომა "პოლიტიკური გადაწყვეტილებაა".

"ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის გააზრებულად მივიღე. არ მინდა, გენერალური პროკურორის თანამდებობა პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენონ. ბრალდებებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელია." - განაცხადა კრავჩენკომ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, "პატიოსნად ასრულებენ თავიანთ საქმეს", ასევე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის უმაღლეს რადას.

გადადგომის შესახებ განცხადების დაწერამდე, 7 სექტემბერს, კრავჩენკო ზელენსკისა და ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიას შეხვდა. უკრაინსკა პრავდას წყაროების ინფორმაციით, შეხვედრაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კრავჩენკოს შემდგომ ყოფნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.

ამავე დღეს კრავჩენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სკანდალის ფონზე საკუთარი სურვილით გადადგომას არ გეგმავდა. თუმცა აღნიშნა, რომ თანამდებობას დატოვებდა, თუ მის გათავისუფლებას პრეზიდენტი ან უმაღლესი რადა მოითხოვდა.

კრავჩენკოს გადადგომა უკავშირდება НАБУ-სა და САП-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ე.წ. "კართაგენის" სპეცოპერაციის ფარგლებში მიმდინარეობს.

4 სექტემბერს უკრაინსკა პრავდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ НАБУ-ს დეტექტივები ჩხრეკას ატარებდნენ გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს, მის მოადგილე მარია ვდოვიჩენკოსა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეგ კიპერთან დაკავშირებულ ადგილებში. თავდაპირველად გენერალური პროკურატურა კრავჩენკოსთან ჩხრეკას უარყოფდა.

იმავე საღამოს ცნობილი გახდა, რომ НАБУ გენერალური პროკურატურის ოფისში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. მოქმედებები "კართაგენის" ფარგლებში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენას უკავშირდებოდა

5 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ НАБУ-ს დეტექტივებმა გაჩხრიკეს ის სამსახურებრივი სივრცეები, რომლებსაც კრავჩენკო იყენებდა.

ამავე პერიოდში НАБУ-მ და САП-მა განაცხადეს, რომ გამოავლინეს დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი სტრუქტურული შტოს ხელმძღვანელი პირი უძღვებოდა. გამომძიებლების ინფორმაციით, ჯგუფი 2025 წლის შუა პერიოდში შეიქმნა და მასში მოქმედი პროკურორები და ამ უწყების გარეთ მოქმედი პირები შედიოდნენ. გამოძიების ვერსიით, პროკურატურის თანამშრომელთა ჯგუფი სისტემატურად იღებდა ქრთამს იმის სანაცვლოდ, რომ ხელი არ შეეშალათ უკრაინელებისა და უცხოელების წინააღმდეგ მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობისთვის. გამომძიებლების ინფორმაციით, სქემიდან მიღებულ თანხებს ჯგუფის წევრები ათეთრებდნენ უძრავი ქონების შეძენის გზით, ასევე მესამე პირებზე დარეგისტრირებული აქტივებისა და თანამზრახველებთან დაკავშირებული საბანკო ანგარიშების გამოყენებით.

უკრაინსკა პრავდას წყაროების ინფორმაციით, საუბარია გენერალური პროკურატურის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სერჰიი კროპივაზე. ის НАБУ-მ და САП-მა დააკავეს.

6 სექტემბერს სასამართლომ კროპივას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას 120 მილიონი ჰრივნის ოდენობის გირაოს გადახდის შესაძლებლობა აქვს.

7 სექტემბერს უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ "კართაგენის" საქმეზე 24 წლის ელიზავეტა ივახნენკოს 60 დღით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობა ედება. სასამართლომ გირაოს ოდენობად 20 მილიონი ჰრივნა განსაზღვრა.