უკრაინამ რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ ავტორების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც სანქციები დაწესდა რუსი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვი“ შექმნაში, რადგან ანიმაციური სერიალი რუსულ ნარატივებს ავრცელებს.
„სანქციები დაწესდა ხუთი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში. ანიმაცია ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს, რომლებიც შენიღბულია, როგორც ბავშვებისთვის განკუთვნილი შინაარსი და საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სანქციები ვრცელდება Animaccord Studio-ზე, ანიმაციური სერიალის შემქმნელზე, მის დამფუძნებელზე, აღმასრულებელ დირექტორზე, სცენარისტზე, რეჟისორზე, პროდიუსერსა და სერიალის თანაავტორზე.
ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოში YouTube-ის არხი, რომელზეც ანიმაციური ფილმი „მაშა და დათვი“ იყო განთავსებული, უკრაინელებში პოპულარობით ნომერ პირველი საბავშვო არხი იყო. 2025 წლის ოქტომბერში უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ დაადასტურა, რომ მულტფილმს რუსეთთის პროპაგანდისტულ ნარატივთან აქვს კავშირი და სანქციების დაწესება მოითხოვა.
2017 წელს უკრაინის სახელმწიფო კინოსააგენტოს კომისიამ განიხილა მულტფილმის აკრძალვის მოთხოვნა რუსული პროპაგანდისტული ნარატივების არსებობის გამო. კერძოდ, ერთ ეპიზოდში მთავარი გმირი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) ქუდით ჩნდება.