ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ეხმაურება დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებას აიათოლა ალი ხამენეისთან დაკავშირებით.
პლატფორმა X-ზე აბას არაღჩის განცხადებით, თუკი პრეზიდენტ ტრამპს გულწრფელად სურს ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა, მან გვერდზე უნდა გადადოს „შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ტონი“ უმაღლესი ლიდერის მიმართ და აღარ გაანაწყენოს „მილიონობით მორწმუნე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტყუილის“ გამო მწვავედ გააკრიტიკა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. ტრამპის თქმით, გადაწყვიტა, აღარ მოუხსნას ირანს სანქციები.
„რატომ უნდა ამბობდეს ომით გაუბედურებული ირანის ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ აიათოლა ალი ხამენეი ასე უტიფრად და სულელურად, თითქოს მან მოიგო ომი ისრაელთან, როცა იცის, რომ მისი განცხადება ტყუილია და სინამდვილეში ასე არ არის? როგორც მორწმუნე კაცი, არ უნდა იტყუებოდეს“ - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში პარასკევ საღამოს, 27 ივნისს.
„სანქციების მოხსნა გადავიფიქრე“ - ტრამპი ხამენეის „სამარცხვინო ტყუილის“ გამო აკრიტიკებს.
27 ივნისს ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე „გამარჯვება“ გამოაცხადა თავის პირველ ვიდეოგზავნილში მას შემდეგ, რაც აშშ-ის შუამავლობით ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა.
ისრაელთან 12-დღიანი ომის განმავლობაში 86 წლის ხამენეი უმეტესწილად საჯაროდ არ ჩნდებოდა და მხოლოდ ორი ვიდეოგზავნილი გაავრცელა. მეორე 19 ივნისს გავრცელდა და დიდი ალბათობით ბუნკერში იყო ჩაწერილი, რაზეც სავარაუდოდ მეტყველებდა ჩანაწერის დაბალი ხარისხი.
აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ს „არაფერი მოუგია ამ ომით“ და „ძლიერ სილის გაწვნად“ წარმოაჩინა ირანის საპასუხო იერიში კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე.