ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერი ველოსიპედისტი ქალთა შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას. ეს გამარჯვება ბელგიელი ველოსიპედისტმა არა ველოტრასაზე, არამედ სასამართლოში მოიპოვა. ორი წლის განმავლობაში მას, ტრანსგენდერობის გამო, ელიტურ ტურნირებში მონაწილეობაზე უარს ეუბნებოდნენ.

2023 წლის ივლისში, ველოსპორტის საერთაშორისო კავშირმა (UCI) საერთაშორისო შეჯიბრებებში ტრანსგენდერი სპორტსმენების მონაწილეობის წესები გაამკაცრა. მას შემდეგ ველოსპორტის ყველა სახეობაში აკრძალულია იმ ტრანსგენდერი ქალი სპორტსმენების მონაწილეობა, რომლებმაც სქესი პუბერტატის (სქესობრივი მომწიფების) შემდეგ შეიცვალეს.

UCI-ის მიერ დადგენილი ეს კრიტერიუმი მოსარჩელემ, ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ინსტიტუტის მხარდაჭერით, სასამართლოში გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, მამრობითი სქესის პუბერტატამდე, არცერთ ტრანსგენდერ ქალს გენდერული ტრანზიცია არ უტარდება. შესაბამისად, UCI-ის კრიტერიუმები ტრანსგენდერ სპორტსმენებს ყველა ტურნირიდან დე-ფაქტო მოკვეთას უდრიდა.

10 ივლისს გამოტანილ შემაჯამებელ განჩინებაში ბელგიის სასამართლომ დაადგინა, რომ UCI-ის მიერ დადგენილი ახალი წესები დისკრიმინაციის შემცველია. განჩინების თანახმად, მეცნიერულად დადგენილი არ არის, რომ ქალთა ველოსპორტში სპორტული თანასწორობის პრობლემა არსებობს. UCI-ს ასევე დაევალა დაზარალებული ველოსიპედისტისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება, 3900 ევროს ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მოსარჩელეს ეხება. ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება UCI-ს ჯერ კიდევ შეუძლია. მაგრამ ეს გამარჯვება ტრანსგენდერი სპორტსმენისთვის, შესაძლოა, მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყოს.

წყარო: 1 არხი