აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს.

„ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას. ეს კარგი შეთანხმებაა ყველასთვის. ეს ჩვენ ერთმანეთთან დაგვაახლოებს. ეს არის თანამშრომლობა გარკვეული თვალსაზრისით“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება.

ფონ დერ ლაიენმა ეს „უზარმაზარ შეთანხმებად“ შეაფასა, რომელსაც „რთული მოლაპარაკებების“ შემდეგ მიაღწიეს. შეთანხმების შედეგად, ევროკავშირმა თავს აარიდა 30%-იან ტარიფები, რომლებიც პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ აშშ-სა და ევროკავშირს სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად „კარგი შანსი“ აქვთ. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა შოტლანდიაში, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონდერ ლაიენთან შეხვედრისას განაცხადა.

მხარეებს მოლაპარაკებების დასასრულებლად ვადა პარასკევამდე აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აგვისტოდან ევროპული ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონელი 30%-იანი ტარიფებით დაიბეგრება.

დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის შანსი 50/50-ზეა:

„მე რეალურად კარგად განწყობილი არ ვარ, მაგრამ გეტყვით, ვფიქრობ, შანსები არის, ვფიქრობ, ურსულაც იტყვის, ალბათ შეთანხმების მიღწევის საკითხი 50/50-ზეა. მინდა, შეთანხმებას მივაღწიოთ. ვფიქრობ, ორივესთვის კარგია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს 50/50-ზეა“, – აღნიშნა ტრამპმა.

თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დაეთანხმა ამ შეფასებას.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი მართალია. ჩვენ გვაქვს 50%-იანი შანსი შეთანხმების მისაღწევად. მართლაც, საქმე ბალანსის აღდგენაშია. შეგიძლიათ, უწოდოთ სამართლიანობა, შეგიძლიათ, უწოდოთ ბალანსის აღდგენა. ჩვენ გვაქვს ღია ბალანსი. შეერთებულ შტატებს აქვს დეფიციტი და ჩვენ უნდა აღვადგინოთ ბალანსი“, – აცხადებს ფონ დერ ლაიენი.