აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი წერს, რომ ამერიკა კანადის სუბსიდირებისთვის მილიარდობით დოლარს იხდის და მოუწოდებს მას, აშშ-ს 51-ე შტატი გახდეს.

"ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვიხდით კანადის სუბსიდირებისთვის. რატომ? ამას მიზეზი არ აქვს. ჩვენ არ გვჭირდება არაფერი, რაც მათ აქვთ. ჩვენ უსაზღვრო ენერგია გვაქვს, ჩვენსავე მანქანებს უნდა ვაწარმოებდეთ, და იმაზე მეტი ხის მასალა გვაქვს, ვიდრე ოდესმე გამოვიყენებთ. ამ მასობრივი სუბსიდიის გარეშე, კანადა წყვეტს სიცოცხლისუნარიან ქვეყნად არსებობას. ეს უხეში, მაგრამ სიმართლეა! მაშასადამე, კანადა ჩვენი სანუკვარი 51-ე შტატი უნდა გახდეს. ბევრად დაბალი გადასახადები, ბევრად უკეთესი სამხედრო თავდაცვა კანადელი ხალხისთვის - და არანაირი ტარიფები!". - წერს ტრამპი.

1-ელი თებერვლიდან აშშ-მ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადას, მექსიკასა და ჩინეთს - ტარიფებს დაუწესა. ორი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ 25-25%-იან ტარიფები, ხოლო ჩინეთის წინააღმდეგ 10%-იანი ტარიფი დააწესა.

ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ კანადა აშშ-სთვის საპასუხო ტარიფების დაწესებას აპირებს. მსგავსი ნაბიჯი გადადგა მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა, რომელმაც თქვა, რომ ტრამპის ტარიფებზე მექსიკა საპასუხო ზომებს მიიღებს. ხოლო ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ აშშ-ს მხრიდან ტარიფების დაწესებას საერთაშორისო ვაჭრობის წესების "სერიოზული დარღვევა" უწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარს შეიტანს.

ტრამპმა ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების მუქარის ხშირი გამოყენება დაიწყო, რისი პირველი სამიზნეც კანადა და მექსიკა გახდნენ. ტრამპმა გამოაცხადა, რომ 1-ელი თებერვლიდან მეზობელი ორი ქვეყნის წინააღმდეგ 25%-იან ტარიფს დააწესებს, არალეგალური იმიგრაციისა და საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდის გადატანის მხრივ არსებული პრობლემების გამო. იგი ასევე მიიჩნევს, რომ აშშ-ში ფენტანილის კონტრაბანდის აღკვეთის მხრივ ჩინეთი საკმარის ძალისხმევას არ დებს.

30 იანვარს ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით განმეორებით დაემუქრა BRICS-ის წევრ ქვეყნებსაც, მათ შორის, ბრაზილიას, რუსეთის, ინდოეთსა და ჩინეთს, თუკი ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან.

ამას გარდა, ტრამპი ტარიფებით დაემუქრა დანიასაც, თუ მისი მთავრობა აშშ-სთვის გრენლანდიის დათმობაზე არ დათანხმდებოდა. მან ტარიფებით მუქარის ხერხს მიმართა კოლუმბიის წინააღმდეგაც, როდესაც პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უარი თქვა აშშ-დან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.

პეტროს მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ტრამპმა ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, ხოლო ქვეყნის მთავრობის წევრების, ასევე მათი მხარდამჭერებისა და ოჯახების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გააუქმა, რაც ორივე მხარე კოლუმბიელი მიგრანტების აშშ-დან დეპორტაციის პროცესზე შეთანხმდა.

წყარო: ტაბულა