ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მეორე კვირა და ახალი გადაწყვეტილებები. ტრამპი დაფინანსებებს აჩერებს, მათ შორის დროებით ჩერდება შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოსთვის კარგად ნაცნობი USAID-ის ტრანზაქციები. დახმარების ბენეფიციარები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახლა მოლოდინის რეჟიმში არიან. დონალდ ტრამპის ბრძანებით მსოფლიო დახმარების პროგრამა 90 დღით დაპაუზდა.
ტრამპის ადმინისტრაცია საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მუშაობის ახალ პოლიტიკას უწესებს: "ამერიკა უპირველეს ყოვლისა". როგორც ჩანს, მთავარი პრობლემა დაფინანსების მიზნობრიობაა. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თითოეული დახარჯული დოლარი უნდა პასუხობდეს შეკითხვას, აქცევს თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოდ, უფრო ძლიერად და უფრო აყვავებულად? რა იქნება შემდეგ, უცნობია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მაღალი თანამდებობის 56 პირი, ამ ეტაპზე შვებულებაში გაუშვა.
ეს ყველაფერი არ არის. ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას განიხილავს. Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ თეთრი სახლი ახლა იურიდიულ უფლებამოსილებებს იკვლევს, რომლითაც შტატების პრეზიდენტი სააგენტოს დამოუკიდებლობის დასრულებას შეძლებს.
USAID-ის ვებ-გვერდი დაბლოკილია. საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალური გვერდი შაბათიდანაა მიუწვდომელი, მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია ჰაკერული თავდასხმის შესახებ, თუმცა, ამ შემთხვევაში, საუბარი იყო გრანტების ბაზაზე.
მედიაში დაიწერა, ისიც რომ საერთაშორისო სააგენტომ საქართველოში მხოლოდ სამი პროექტისთვის 30 მილიონ დოლარზე მეტი გადმორიცხა, თანხების მიზნობრიობა კი დაკონკრეტებული არ იყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას და შეაჩერა ფედერალური მხარდაჭერა სქესის ან გენდერის შესაცვლელად საჭირო პროცედურებზე, რომელიც მოიცავს ოპერაციას, ან ჰორმონების გამოყენებას 19 წლამდე ასაკის ადამიანებში. ჯამში, პრეზიდენტმა ამ ორი კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი ახალი განკარგულება გასცა.
უკვე ცნობილია, ვისთან გამართავს დონალდ ტრამპი, მეორე ვადის დაწყების შემდეგ პირველ ოფიციალურ შეხვედრას.
ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ პირველი უცხოელი ლიდერია, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტისგან მიწვევა მიიღო. როგორც მედია წერს, შეხვედრა ვაშინგტონში 4 თებერვალს გაიმართება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატებისკენ უკვე გაემგზავრა.
დონალდ ტრამპთან საუბარი ვლადიმერ პუტინსაც სურს. კრემლის პრესმდივნის თქმით, მოსკოვი ელოდება ვაშინგტონისგან სიგნალს, რომ ისინიც მზად არიან ამ საუბრისთვის. მოლაპარაკების ძირითადი საკითხი რუსეთ-უკრაინის ომია, რომლის დასრულებაც ამერიკის პრეზიდენტს უახლოს 100 დღეში სურს. დონალდ ტრამპმა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. თქვა, რომ რუსეთთან აქტიური დისკუსიაა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა პირდაპირი კომუნიკაცია ვლადიმერ პუტინთან. Reuters-ი კი წერს იმასაც, რომ შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში არჩევნების ჩატარება სურს.
"ვლადიმერ პუტინმა ჩაიდინა საშინელება, მაგრამ არ იყო გულწრფელობა, როდესაც ხალხს რაღაცნაირად დავაჯერეთ, თითქოს უკრაინას შეეძლო, არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ მისი განადგურება, 2014 წლამდე არსებული ტერიტორიების დაბრუნება, ჩვენ დავაფინანსეთ ეს ჩიხური მდგომარეობა," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. მარკო რუბიოს თქმით, უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს, ნებისმიერი მოლაპარაკება კი მისივე თქმით დათმობას გულისხმობს და ერთ-ერთი მხარის მაქსიმალური მიზნების მიღწევით არ დასრულდება.
სანამ ხელშესახები შედეგი დადგება, ომი უკრაინის მიწაზე გრძელდება. სამხედრო მოქმედებებს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი. ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთმა სამიზნეში ხარკოვის და სუმის ოლქი ამოიღო. 81 უპილოტო საფრენი აპარატიდან, მხოლოდ 37-ის მოგერიება მოხერხდა, მათგან ერთ-ერთი, შაჰიდის ტიპის დრონი სუმში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. უტევენ ოდესის ოლქსაც.
წყარო: რუსთავი 2