აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს 250 მილიონ დოლარამდე უცხოური დახმარების გამოყენებას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ლტოლვილების ნებაყოფლობითი დაბრუნების დასაფინანსებლად. ამის შესახებ გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ შესაბამის დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება.

ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმები, რომ გამოიყენოს 250 მილიონ დოლარამდე თანხა, რომელიც საზღვარგარეთ დახმარებისთვის უნდა გამოეყოთ, იმ მიგრანტების დაბრუნების დასაფინანსებლად, რომლებიც არიან განსაკუთრებით უკრაინასა და ჰაიტიდან.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინელებსა და ჰაიტელებს დროებითი დაცვის სტატუსი (TPS) მიანიჭა, რაც მათ საშუალებას აძლევს, დარჩნენ აშშ-ში, თუ სამშობლოში დაბრუნება სახიფათოა. გამოცემის მიერ ნანახი დოკუმენტები მიუთითებს, ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამით შესაძლოა 200 000-ზე მეტმა უკრაინელმა და 500 000-მა ჰაიტელმა ისარგებლოს.

დოკუმენტებში უკრაინელებისა და ჰაიტელების გარდა, ნახსენები არიან ავღანელები, პალესტინელები, ლიბიელები, სუდანელები, სირიელები და იემენელები.