საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჟენევაში, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუს შეხვდა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე, მხარეებმა, ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობებს და აღნიშნეს, რომ საქართველო და თურქეთი მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობენ ჯანდაცვის მიმართულებით.
მინისტრებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების გაზიარება და სხვა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში რეგიონული პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საქართველო დაინტერესებულია თურქეთის გამოცდილების გაზიარებითა და ერთობლივი პროექტების განვითარებით.
ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 78-ე სესიაზე, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორს ჰანს კლუგესაც შეხვდა. მინისტრი ასამბლეაზე სიტყვითაც გამოვა.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ოფიციალურ შეხვედრებში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე იღებს მონაწილეობას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.