აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სათამაშოების მწარმოებელ კომპანიებს (Mattel-ს, Hot Wheels-ს, Uno-ს, American Girl-ს და სხვა კომპანიებს) იმის გამო დასჯის, რომ წარმოება აშშ-ში არ გადააქვთ. მაგალითად, Barbie-ს ბრენდით ცნობილ Mattel-ს ტრამპი მის საქონელზე 100%-იანი ტარიფებით ემუქრება.
როგორც გამოცემა The Independent-ი იუწყება, კომპანიას ჩინეთიდან აშშ-ში სათამაშოების წარმოების გადატანა არ სურს, სხვა ქვეყნებში რელოკაციას კი განიხილავს. წელს Mattel წარმოებას ჩინეთიდან ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში გადაიტანს. საპასუხოდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 100%-იანი ტარიფების დაწესების შემდეგ Mattel “ერთ სათამაშოსაც კი ვერ გაყიდის აშშ-ში, რომელიც კომპანიის უდიდესი ბაზარია.”
კომპანიის მენეჯმენტი ამ ეტაპზე ამერიკაში წარმოების გადატანაზე უარს იმით ხსნის, რომ, მათი განმარტებით, აშშ-ში სათამაშოების წარმოების ხარჯი მაღალია. Mattel-ის მმართველი და აღმასრულებელი დირექტორი, ინონ კრეიცი ამბობს, რომ აშშ-ში სათამაშოების დიზაინი იქმნება, ასევე, პროდუქტის დიზაინი და ბრენდის მართვა ხდება, თუმცა საზღვარგარეთ მისი წარმოება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტისთვის აუცილებელია.
შეგახსენებთ, აშშ-ის სათამაშოების ასოციაციის (Toy Association) მონაცემებით, ქვეყანაში გაყიდული სათამაშოების, თითქმის, 80% ჩინეთში არის დამზადებული.
Mattel-ს ტარიფები წელს, დაახლოებით, 270 მლნ დოლარი დაუჯდება.
Mattel-ის მენეჯმენტის განმარტებით, პროდუქციის 40-50%-ის ღირებულებას 20 დოლარზე, ან უფრო დაბალ ნიშნულზე დაიჭერენ, თუმცა აშშ-ში ზოგიერთი სათამაშო შეიძლება გაძვირდეს.
Telsey Advisory Group-ის თანახმად, აპრილის შუა რიცხვებში Target-ის მაღაზიებში საცურაოკოსტუმიაინი Barbie-ის თოჯინა ერთ კვირაში 42.9%-ით, 14.99 დოლარამდე გაძვირდა.
Mattel სათამაშოებს შვიდ ქვეყანაში აწარმოებს, თუმცა, ყველაზე მეტად წარმოების ჩინური ხაზია დატვირთული. კომპანიის მიერ აშშ-ის ბაზარზე იმპორტირებული სათამაშოების, დაახლოებით, 20% ჩინეთშია დამზადებული. წელს კომპანია წარმოებაში ჩინეთის წილის 40%-ზე ნაკლებ დონემდე შემცირებას გეგმავს, მაშინ, როცა ამჟამინდელი საშუალო მაჩვენებელი, დაახლოებით, 80%-ია. დაგეგმილია, მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 15%-მდე, ხოლო 2027 წელს საბოლოოდ 10%-მდე ან უფრო მეტად შემცირდეს.