ქალები ახლა საკუთარი თავისთვის ბრილიანტებს თავად ყიდულობენ სინთეტიკური ქვების ხელმისაწვდომობის წყალობით, თქვა Swarovski-ს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში ნიშნობის ბეჭდებში არსებული ქვების 60%-ზე მეტი ლაბორატორიულად არის გამოყვანილი.
უფრო იაფი, ლაბორატორიაში მოყვანილი ბრილიანტების პოპულარობამ გამოიწვია ის, რომ ქალები ახლა საკუთარი თავისთვის თავად ყიდულობენ სამკაულებს, – ამის შესახებ „სვაროვსკის“ ხელმძღვანელმა ალექსის ნასარდმა Financial Times–სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს ჩვენს მაღაზიაში ქალი შემოდის. ის ამას ხედავს. ის ლამაზია. ის მოირგებს და ამბობს: „იცი რა? ამას ჩემთვის ვიყიდი. მე ამას ვიმსახურებ.“ და ეს ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავი და გამამხნევებელია“
სინთეტიკური ბრილიანტები, რომლებიც წარმოებულია ძირითადად ჩინეთსა და ინდოეთში ლაბორატორიებში, სწრაფად იძენს წილს ძვირფასი ქვების ბაზარზე, რაც საფრთხეს უქმნის ბუნებრივი ალმასის ინდუსტრიას. აშშ-ში ნიშნობის ბეჭდებში გამოყენებული ქვების 60%-ზე მეტი ლაბორატორიაშია გამოყვანილი. ნასარდის თქმით, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მომდევნო ორ წელიწადში 80%-ს მიაღწევს. „ასე რომ, მატარებელი უკვე წავიდა“, - დასძინა მან.
წარმოების ზრდასთან ერთად, სინთეზური ძვირფასი ქვები უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ლაბორატორიაში გამოყვანილი ბრილიანტების საბითუმო ფასები კარატზე 100 დოლარამდე დაეცა, მაშინ როცა ბუნებრივი ქვების ფასები კვლავ ათასობითაა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ Swarovski ადრე ბროლზე სპეციალიზდებოდა, თუმცა ლაბორატორიაში გამოყვანილი ბრილიანტების ბაზარზე 2018 წელს შევიდა. კომპანიის შემოსავალმა 2025 წელს 1.9 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მეტია, თუმცა ათი წლის წინანდელ პიკზე, 3.37 მილიარდ ევროზე ნაკლებია.