პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის საკუთრებაში არსებულმა კოსმოსურმა გიგანტმა, SpaceX-მა რეკორდულ პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO) ჯამური კაპიტალი $85.7 მილიარდამდე გაზარდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პროცესში ჩართულმა საინვესტიციო ბანკებმა, ბაზარზე არსებული უპრეცედენტოდ მაღალი მოთხოვნის საპასუხოდ, აქციების დამატებითი პაკეტი სრულად გაყიდეს.

კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, IPO-ს წამყვანმა ანდერრაიტერებმა, მათ შორის ფინანსურმა გიგანტებმა Goldman Sachs-მა და Morgan Stanley-მ, დამატებით 83.3 მილიონი აქცია გამოისყიდეს, რამაც საბოლოოდ მოზიდული თანხა რეკორდულ ნიშნულამდე აიყვანა.

აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე - 12 ივნისს - SpaceX-მა $75 მილიარდის მობილიზება შეძლო, რაც გლობალური IPO-ების ისტორიაში ერთ-ერთ უმსხვილეს მაჩვენებლად შეფასდა. მოგვიანებით კი ბანკებმა ე.წ. „Green Shoe Option“ (დამატებითი განთავსების ოფციონი) მექანიზმი აამუშავეს. ეს ინსტრუმენტი ანდერრაიტერებს უფლებას აძლევს, ინვესტორების მხრიდან განსაკუთრებული აჟიოტაჟის შემთხვევაში, ბაზარზე თავდაპირველად დაგეგმილზე მეტი აქციები გამოიტანონ.