ევროპასა და აშშ-ში ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეები მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შემცირდება, მაშინ როცა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში მათი ზრდა გაგრძელდება, – წერს Financial Times S&P Global Energy-ის ექსპერტების პროგნოზზე დაყრდნობით.
დასავლეთის ქვეყნების მთავრობები მოუწოდებენ კომპანიებს, გააფართოვონ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრეები, რათა უზრუნველყონ კრიტიკული რესურსების შეუფერხებელი მიწოდება მომავალი კრიზისების დროს, თუმცა, ინვესტორები არ იჩენენ ახალ პროექტებში ინვესტირების სურვილს, რაც მომავალში პრობლემებს შექმნის - როგორც ევროპაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში.
2026 წელს აშშ-სა და ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები თითქმის თავიანთი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, რადგან ინდუსტრია ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეულ დეფიციტთან გამკლავებას ცდილობს და იღებს მაღალ მოგებას.
S&P Global Energy-ის პროგნოზით ევროპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების სიმძლავრე 20%-ით შემცირდება 2035 წლამდე ათი წლის განმავლობაში და დღეში 9 მილიონ ბარელზე ოდნავ მეტს შეადგენს (bpd). 2025 წელს ევროპაში დაიხურა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომელთა ჯამური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 500,000 ბარელი იყო დღეში, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა, მაგალითად, დაკარგა ექვსი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ორი.
S&P Global Energy ასევე ვარაუდობს, რომ აშშ-ის სიმძლავრე ამ პერიოდში 7%-ით, დღეში 16.7 მილიონ ბარელამდე შემცირდება.