შვეიცარია წელს გაერო-ს სამ პროგრამას, საერთო ჯამში, 39 მილიონი შვეიცარიული ფრანკით (47 მილიონი დოლარი) დააფინანსებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის ასეთი წვლილი სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემი უნდა იყოს.
ამ თანხიდან 13 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გაერო-ს ბავშვთა ფონდ „იუნისეფს“ გადაეცემა, 11.5 მილიონს კი მიიღებს UN Women-ის პროგრამა, რომელიც თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული. ის ასევე დიდ ყურადღებას უთმობს სამართლებრივ რეფორმებსა და ანაზღაურებად დასაქმებაზე ქალთა ხელმისაწვდომობას.
14.5 მილიონი შვეიცარიული ფრანკია გამოყოფილი გაერო-ს მოსახლეობის ფონდისთვის (UNFPA), რომელიც ოჯახის ეფექტური დაგეგმვის, დედებისთვის უკეთესი ჯანდაცვის უზრუნველყოფისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მუშაობს. ზემოთ დასახელებული თანხების გაცემის გადაწყვეტილება შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასისმა უკვე დაამტკიცა.
ამას ემატება 282 მილიონი შვეიცარიულ ფრანკი, რომელიც ცოტა ხნის წინ შვეიცარიის მთავრობამ გაერო-ს სხვა ორგანიზაციებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის გამოყო. ეს ფულადი სახსრები 2025-დან 2028 წლმდე საერთაშორისო თანამშრომლობის დაფინანსების ვალდებულების კრედიტში აისახება.
შვეიცარიას სურს, აღნიშნული შენატანები საერთაშორისო განვითარების მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და უზრუნველყოს, რომ თანხები ეფექტურად იქნას გამოყენებული კრიზისულ რეგიონებში. საერთაშორისო საგარეო პოლიტიკაში ჟენევა ცენტრალურ როლს ასრულებს: გაერო-ს მხარდაჭერილი ორგანიზაციების უმეტესობა სწორედ ამ ქალაქში ფუნქციონირებს.
წყარო: "საზოგადოებრივი მაუწყებელი"