დიდი ხნით ადრე, ვიდრე მეგალოდონი ზღვების მბრძანებელი გახდებოდა, სიღრმეებში შეიძლება რაღაც ასეთივე შემაძრწუნებელი იმალებოდა — ვეშაპის ზომის გიგანტური რვაფეხა.
გვიანდელი ცარცული პერიოდის ოცზე მეტი ნამარხის ახალმა ანალიზებმა გამოავლინა რვაფეხები, რომელთა სიგრძეც შეიძლება 19 მეტრამდე აღწევდა და ზომით კონკურენციას უწევდნენ იმ დროის ზღვის სხვა გიგანტურ მტაცებლებს.
ამ რბილსხეულიან ცხოველთაგან შემონახულია მხოლოდ ყბის ნამარხები, რომელთა ცვეთაც მიუთითებს, რომ ისინი მსხვერპლის ჩონჩხს ძლიერ ამსხვრევდნენ; ეს კი მანიშნებელია იმისა, რომ ეს მთავარი მტაცებელი თავის სამფლობელოებში დაახლოებით 100 – 72 მილიონი წლის წინ ბატონობდა.
„ეს რვაფეხები შესაძლოა წარმოადგენდნენ ამგვარად აღწერილ უდიდეს უხერხემლოებს, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ იმ დროის ზღვის გიგანტურ ქვეწარმავლებს. ჩვენი აღმოჩენა აჩვენებს მძლავრ ყბებს, ზედაპირული ჩონჩხების დაკარგვას, რამაც კონვერგენტულად გარდაქმნა ცეფალოპოდები (თავფეხიანები) და ზღვის ხერხემლიანები უზარმაზარ, ჭკვიან მტაცებლებად“, — წერს მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც იაპონიის ჰოკაიდოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგები, შინ იკეგამი და იასუჰირო იბა ხელმძღვანელობდნენ.
მისი ისტორიის განმავლობაში ამ პლანეტაზე არსებული სიცოცხლის დიდი ნაწილი დროში დაიკარგა. განსაკუთრებით ასეა რვაფეხას მსგავსი უხერხემლოებისა და ზვიგენების მსგავსი ხრტილოვანი თევზების შემთხვევაში, რომელთა რბილი სხეულიც ზედმეტად სწრაფად იხრწნება და განამარხებას ვერ ასწრებს.
ამ ცხოველებში ხშირად გამონაკლისია ყბები და კბილები — სხეულის ის ნაწილები, რომლებიც საკმარისად მყარი უნდა იყოს, რათა მსხვერპლი დაიჭიროს და დააქუცმაცოს.
ამ მხრივ სახელგანთქმულია მეგალოდონი. ეს ცხოველი 23 – 3,6 მილიონი წლის წინ არსებობდა და მის შესახებ ვიცით განმარხებული კბილებიდან. მისი ზომა მეცნიერებმა თანამედროვე ზვიგენების, ძირითადად დიდი თეთრი ზვიგენის კბილი-სხეულის ზომის პროპორციათა საფუძველზე აღადგინეს.
ამ კვლევაში იკეგამიმ და მისმა კოლეგებმა ასეთივე სამუშაო ჩაატარეს, მაგრამ იყო ერთი დიდი განსხვავება. რვაფეხას დინგის ნამარხები მათ შეადარეს დღეს არსებულ ათეულობით სხვა სახეობისას, რათა მიეღოთ შეფასებების უფრო ფართო დიაპაზონი და გამოესწორებინათ ის მიკერძოება, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთი შედარების გამოყენებით მიეღოთ.
ჯამში შეისწავლეს ცარცული პერიოდის 27 რვაფეხას ნამარხი. მათგან 15 უკვე ცნობილი იყო, კლასიფიცირდებოდა როგორც Octobrachia და მუზეუმის კოლექციებში ინახებოდა.
დანარჩენი 12 ახალი იყო, აღმოაჩინეს ახლახან შექმნილი „ნამარხების ციფრული მაინინგის“ პროცესის შედეგად, რომელშიც ქანის ნიმუშებს ფენა-ფენა ფრთხილად ამუშავებენ, ახდენენ მათ ვიზუალიზაციას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახდენენ მათში არსებული ნამარხების რეკონსტრუქციას.
მკვლევრებს ეს მეთოდი უკვე არსებულ 15 ნამარხზე არ გამოუყენებიათ და ამის ნაცვლად, ზოგიერთ ნიმუშს ახალი ანალიზები ჩაუტარეს; დეტალურად შეისწავლეს მათი თვისებები, მათ შორის, ცვეთის მახასიათებლები.
ყველა ნიმუშის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ფარფლიანი რვაფეხების ორ სახეობას მიეკუთვნებიან: Nanaimoteuthis jeletzkyi და N. haggarti. ორივე მათგანი დიდი ცხოველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თანამედროვე სახეობებთან შედარების საფუძველზე დადგინდა, რომ ყველაზე დიდი იქნებოდა N. haggarti — სიგრძეში 7-19 მეტრი.
შედარებისთვის, უმეტესი შეფასების თანახმად, მეგალოდონის ზომა 13-18 მეტრი იყო, ჩვენთვის ცნობილი ყველაზე დიდი მოზაზავრი კი 17 მეტრი.
დღეს მსოფლიოში უდიდესი თავფეხიანი (ცეფალოპოდი), გიგანტური კალმარი, სიგრძეში 12-13 მეტრამდე იზრდება. ლურჯი ვეშაპების სიგრძე კი 30 მეტრამდეა.
ნამარხების სხვა ასპექტები ამ დიდი ხნის წინ გამქრალი გიგანტების შესახებ უფრო მეტს გვიყვება. ცვეთის მახასიათებლები მიუთითებს დაქუცმაცებაზე, ზომა კი კბენის დიდ ძალაზე, თუმცა აქ არის ერთი საკითხი.
ზოგიერთი ნამარხი, განსაკუთრებით ყველაზე დიდები, უფრო მეტად იყო გაცვეთილი ერთ მხარეს, რაც მკვლევართა აზრით, ცაციობის მანიშნებელია — ერთი მხარისთვის უპირატესობის მინიჭების, რასაც მკვლევრები ამ პუბლიკაციაში ლატერალურობას უწოდებენ.
„ყბის კიდეების ასიმეტრიული ცვეთა მიუთითებს ლატერალიზებულ ქცევაზე, რაც დაკავშირებულია ძლიერ განვითარებულ თავის ტვინზე და შემეცნებაზე. ეს კი თავის მხრივ მიუთითებს, რომ ყველაზე ადრეული რვაფეხები უკვე ფლობდნენ მოწინავე ინტელექტს. ლატერალურობა თანამედროვე რვაფეხებსაც ახასიათებთ, რომელთა მაღალი ინტელექტიც ხერხემლიანთა მსგავსია“, — წერენ მკვლევრები.
ზუსტად როგორც დღეს გიგანტური კალმარები და კაშალოტები არიან ერთმანეთის სასტიკი მტრები, მკვლევრები ამბობენ, რომ N. jeletzkyi და N. haggarti-იც კონკურენციაში უნდა ყოფილიყვნენ იმ დროის ხერხემლიან მტაცებლებთან. შეიძლებოდა თუ არა ისინი მეგალოდონს დაპირისპირებოდნენ, ერთსა და იმავე დროს რომ ეცხოვრათ? შეიძლება არა, მაგრამ საინტერესოა დასაფიქრებლად.
მკვლევართა განცხადებით, დიდი ზომა და მტაცებლობის მოწინავე უნარი სხეულის მყარი ნაწილებისგან თავის დაღწევის პირდაპირი შედეგი ყოფილიყო. ზღვის ხერხემლიანმა მტაცებლებმა თავიანთი ჯავშნები დროთა განმავლობაში დაკარგეს და ქერცლებიც შეუმცირდათ, რათა უფრო რბილსეხულიანები გამხდარიყვნენ. ცეფალოპოდებმა დიდწილად მინიმუმამდე დაიყვანეს ან დაკარგეს გარე ნიჟარები და რბილსხეულიანი გახდნენ.
ამ ცვლილებებმა ორივე ჯგუფს საშუალება მისცა, მაქსიმალურად გაეუმჯობესებინათ ცურვის შედეგები და სხეულის ზომა ჯავშნის საფასურად — რაც მიუთითებს, რომ დედამიწის უძველეს ზღვებში, ხანმოკლე პერიოდში რფავეხები მთავარ სასტიკი დომინანტები იყვნენ მტაცებელთა შორის.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.