რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება.

ივანოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება. საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქმე აღიძრა  სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით.  ეს ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებას ( 1 მილიონი რუბლიდან). ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, გამოძიება მინისტრის მოადგილის პატიმრობას ითხოვს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ინფორმირებული იყვნენ ივანოვის დაკავების შესახებ.

ივანოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ 2016 წლიდან მუშაობდა და შოიგუს მოკავშირედ ითვლება.

ივანოვი პასუხისმგებელია სამხედრო პროდუქციის შესყიდვაზე და ზედამხედველობდა თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მშენებლობას, რეკონსტრუქციას და კაპიტალურ რემონტს, მათ შორის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

2022 წლის ნოემბერში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა გამოაქვეყნეს მათ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები მინისტრის მოადგილისა და მისი მეუღლის სვეტლანას ქონებასა და ფინანსებზე. მათი თქმით, ივანოვი ოჯახთან ერთად ზაფხულის არდადეგებს საფრანგეთის კოტ დ'აზურზე ატარებდა და მოდურ წვეულებებსაც აწყობდა.

2022 წელს ივანოვი აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა. ჟურნალისტი ფარიდა რუსტამოვა აღნიშნავს, რომ ივანოვი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც  ერთ-ერთი უმდიდრესი ძალოვანი თანამშრომელი. მისი თქმით, ივანოვი ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი რანგის ეჭვმიტანილია, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო.