საუდის არაბეთი წითელ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების კოალიციის შექმნას გეგმავს.
საუდის არაბეთმა მრავალეროვნული საზღვაო კოალიციის შექმნის გეგმა წარადგინა. ინიციატივის მიზანია წითელ ზღვაში საერთაშორისო ნაოსნობის, სავაჭრო მარშრუტებისა და ენერგორესურსების გადაზიდვის დაცვა იემენელი ჰუსიტების თავდასხმებისგან.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინიციატივის განსახილველ საერთაშორისო შეხვედრას 43 ქვეყნისა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. 14-მა სახელმწიფომ, მათ შორის თურქეთმა, პაკისტანმა, ეგვიპტემ, სუდანმა და ჯიბუტიმ, კოალიციის შექმნის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი. საბოლოო შემადგენლობა და ოპერაციული ფორმატი ჯერ შეთანხმებული არ არის.
გეგმის მიხედვით, საუდის არაბეთი კოალიციის დამფუძნებელი და წამყვანი სახელმწიფო იქნება. შტაბის განთავსებაც საუდის არაბეთში იგეგმება. კოალიციის საქმიანობა ბაბ ელ მანდების სრუტესა და ადენის ყურეში ნაოსნობის თავისუფლების, საერთაშორისო სავაჭრო გზებისა და ენერგომომარაგების მარშრუტების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.
ინიციატივა რეგიონში ვითარების გამწვავებას მოჰყვა. ირანის მოკავშირე ჰუსიტებმა 20 ივლისს განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის წინააღმდეგ წითელ ზღვაში საზღვაო ბლოკადას დაიწყებდნენ. მათ ეს ნაბიჯი იემენის მიმართ საუდის არაბეთის პოლიტიკას დაუკავშირეს, თუმცა ერ რიადი იემენის ბლოკადის შესახებ ბრალდებას უარყოფს. ჰუსიტებმა მოგვიანებით საუდის არაბეთთან დაკავშირებულ გემებზე თავდასხმების შესახებ განაცხადეს, ხოლო საუდის არაბეთმა იემენის პორტ ჰოდეიდაში ჰუსიტების სამხედრო ობიექტებად დასახელებულ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ბაბ ელ მანდების სრუტე წითელ ზღვას ადენის ყურესა და ინდოეთის ოკეანეს უკავშირებს და საერთაშორისო ვაჭრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზღვაო დერეფანია. რეგიონში უსაფრთხოების გაუარესება ზრდის გემების მარშრუტის შეცვლის, ტრანსპორტირების ხარჯების მატებისა და ენერგორესურსების მიწოდების შეფერხების რისკს. UNCTAD-ის მონაცემებით, სუეცის არხზე, რომელიც წითელი ზღვის მარშრუტის ნაწილია, 2023 წელს მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 12-15% მოდიოდა.
ევროკავშირს რეგიონში უკვე მოქმედი საზღვაო მისია ჰყავს. ოპერაცია 2024 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჰუსიტების თავდასხმებმა წითელ ზღვაში კომერციული გემების მოძრაობა მნიშვნელოვნად შეაფერხა. საუდის არაბეთის ახალი ინიციატივის ზუსტი კავშირი ევროკავშირის მოქმედ მისიასთან ჯერჯერობით საჯაროდ განმარტებული არ არის.
წყაროები:
UNCTAD,
https://www.eia.gov/international/analysis/special-topics/world_oil_transit_Chokepoints